“ძვირფასო პატრიარქო, ვიმედოვნებ, სწორედ თქვენი სიბრძნის დამსახურებით სამართლიანი პასუხი გაეცემა ყველა შეკითხვას”

გაკვირვებული ვარ, რომ უპასუხოდ დავრჩით, როგორც პროკურატურისგან, ისე სინოდისგან, რომელმაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით მეუფე იაკობს შეუნდო ინფორმაციის მიუღებელი ფორმით გავრცელებისთვის, თუმცა არაფერი თქმულა თავად შინაარსზე, იგეგმებოდა თუ არა პატრიარქის გადაყენება, – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ეკლესიის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან, უნდა ვიმსჯელოთ ემოციების გარეშე.

სამწუხაროდ, ნაკლებად და ხშირად არც კი ხდება იმის გაცნობიერება, რომ ბოლო დროს წარმოებული ცრუ, ცილისმწამებლური და ბინძური ბრალდებებით შეურაცხყოფა ადგება არა მხოლოდ ეკლესიასა და ხანდაზმულ პატრიარქს, არამედ სრულიად სახელმწიფოს, რომელსაც მთელი ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიასთან გააჩნდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მტკიცე და ურყევი კავშირი.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კრიტიკული კითხვების გაუცემლად უნდა იარსებოს საერო თუ სასულიერო ინსტიტუციებმა, თუმცა ასე და ამ ბინძური ფორმით არ უნდა დაწყებულიყო ვითომ ლუსტრაციის, სინამდვილეში კი თვითლიკვიდაციისკენ მიმავალი პროცესი.

სრულიად დაუჯერებელი და ელემენტარულ ლოგიკურ საფუძვლებს მოკლებული მიმაჩნია გაბრაზებული მეუფე პეტრეს განცხადებები, თუმცა ისე როგორც მე, საზოგადოების დიდი ნაწილი სინოდის სხდომის შედეგად მოველოდით პასუხებს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების ირგვლივ, რომლის მიხედვითაც, თითქოს რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება. გაკვირვებული ვარ, რომ უპასუხოდ დავრჩით, როგორც პროკურატურისგან, ისე სინოდისგან, რომელმაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით მეუფე იაკობს შეუნდო ინფორმაციის მიუღებელი ფორმით გავრცელებისთვის, თუმცა არაფერი თქმულა თავად შინაარსზე, იგეგმებოდა თუ არა პატრიარქის გადაყენება. ამ ტიპის უმძიმესი ბრალდებები აუცილებლად უნდა ხდებოდეს უფრო სიღრმისეული ანალიზის, კვლევისა და გამოძიების საგანი.

ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას განსაკუთრებული ურთიერთკავშირი აქვს, იგი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის ერთიანობის და ძლიერების სიმბოლო, სწორედ ამიტომ მე მაშფოთებს ეს ყველაფერი და ვდგავარ იმ ხალხის რიგში, ვინც ელოდება დამაჯერებელ პასუხებს, მანამდე კი, მე მსურს, ჩემი ღრმა პატივისცემა და სოლიდარობა გამოვხატო უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ.

ძვირფასო პატრიარქო, ვწუხვარ, რომ ქართული ეკლესიისა და პირადად თქვენს მიმართ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური თავდასხმები, თუმცა ღრმად მწამს, რომ ამ განსაცდელსაც შეხვდებით ჩვეული სიმხნევითა და სიბრძნით, რომელიც ყოველთვის იწვევდა საზოგადოების გაკვირვებასა და პატივისცემას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ღრმად მჯერა, ყველაზე მეტად პირადად თქვენ გიმძიმთ ნებისმიერი გაუგებრობა და უპასუხო კითხვის ნიშნები ეკლესიის შიგნით. ვიმედოვნებ, რომ სწორედ თქვენი სიბრძნის დამსახურებით სამართლიანი პასუხი გაეცემა ყველა შეკითხვას და გააგრძელებთ ქართული ეკლესიის გაძლიერებას ღვთისა და ერის წინაშე. მე ამ ყველაფერში მარწმუნებს თქვენი შესანიშნავი კარიერა, ეკლესიის მართვის 42-წლიანი გამოცდილება და ღვაწლი”, – წერს შალელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტიგინაშვილის სკანდალური განცხადება მეუფე საბას შესახებ (ვიდეო)
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – ძირითადად, საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს