ძმები გლუშკოვების საქართველოდან ექსტრადიცია განხორციელდა

რუსეთის პროკურატურის მიერ თაღლითობაში ბრალდებული ძებნილი ძმები გლუშკოვები, საქართველომ რუსეთის ფედერაციას გადასცა. ვლადიმერ და ალექსანდრე გლუშკოვების რუსეთში ექსტრადირებაზე ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა.

იუსტიციის სამინისტროში ინფორმაცია დაადასტურეს.

„ინტერპოლის წითელი ცირკულარით რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი უწყებების მიერ ძებნილი ვლადიმერ და ალექსანდრ გლუშკოვების ექსტრადიცია განხორციელდა ამა წლის 5 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 14 და 17 სექტემბრის ბრძანებების საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით. ხსენებული ძებნილი პირების მიმართ 2019 წლის აპრილიდან აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო გირაო“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ამასთან, როგორც ძმების ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, გლუშკოვების გადაცემა ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მოხდა.

ვლადიმერ და ალექსანდრ გლუშკოვები ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის რაიონული საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატები იყვნენ. მათზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. რუსეთში ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვებს თაღლითობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს. ცხრა თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ კი გათავისუფლდნენ.

წყარო:1 tv.ge

banner
წინა სტატიაშიგაუპატიურებაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს იზოლატორში ექიმის დახმარება დასჭირდა