24 საათზე მეტხანს გაგრძელებული უხვი ნალექის შედეგად ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკი კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ძლიერმა წვიმამ ქალაქის უმეტესი ნაწილი და ცენტრალური ქუჩები დატბორა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბანგკოკის გუბერნატორმა ჩადჩარტ სიტიპუნტმა განაცხადა, რომ სტიქია საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და დიდი ზიანის მიყენება შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო ქონებისთვის.
ქვეყნის სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში კვლავ ინტენსიურ წვიმებსა და ძლიერ ჭექა-ქუხილს პროგნოზირებენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალსაცავებთან და მდინარეებთან ახლოს მცხოვრებლებს მოუწოდა, ნივთები შემაღლებულ ადგილებზე გადაიტანონ. ამასთან, ბანგკოკის მუნიციპალურმა ადმინისტრაციამ უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთათვის სპეციალური დროებითი თავშესაფარი გახსნა.








