ძლიერი სიცხის გამო საფრანგეთში ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ლუვრის მუზეუმი ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით დაკეტილი იქნება. ლუვრის მუზეუმის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მუზეუმის ისტორიული შენობა „კლიმატის ცვლილებასთან საკმარისად ადაპტირებული არ არის“. ძლიერი სიცხის გამო ფინისტერის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ელექტროენერგია 68 000 აბონენტს შეუწყდა.
საფრანგეთში ძლიერი სიცხეების გამო სიცხის საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ძლიერ სიცხეს მსხვერპლიც მოყვა, დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ტემპერატურის მაჩვენებლებმა ისტორიული რეკორდები მოხსნა. ქალაქ ბორდოში, ჰაერის ტემპერატურამ 41.9 გრადუსს მიაღწია. ცენტრალურ საფრანგეთში მდებარე პუატიეში კი ტემპერატურა 41.2 გრადუსამდე ავიდა, რაც 1947 წელს დამყარებულ მაქსიმალურ მაჩვენებელს აღემატება.
















