21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“ძლიერი საქართველო – ლელო“: ქვეყანა დღეს იმყოფება უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ ბრიფინგი გამართა, სადაც მან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა ამნისტიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი.

,,ქვეყანა დღეს იმყოფება უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, რასაც კიდევ უფრო აღრმავებს უკიდურესად პოლარიზებული გარემო. ეს ვითარება ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას, ინსტიტუტების გაჯანსაღებას და საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენას.

ამავე დროს, საქართველოში კრიტიკულად მაღალია როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა რაოდენობა, ისე არასაპატიმრო სასჯელების მაჩვენებელი. საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადგენს 22 767 ადამიანს, ხოლო პატიმართა რაოდენობა – 11 153 ადამიანს.

კრიტიკულად აუცილებელია პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა. სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. მძიმე მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფა და უსაფრთხოების გარემო. ციხეებში კვლავ გაიზარდა ქურდული სამყაროს გავლენა.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები – ციხის ხელმძღვანელის თვითმკვლელობა და პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების დაკავებები – პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემა მძიმე კრიზისშია და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი ფაქტობრივად შესუსტებულია,”- აცხადებს ლანა გალდავა.

მისი განმარტებით, დღეს საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით.

,,ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე – კანონების, რომლებიც ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უზღუდავს.
აქციების დროს დაკავებული სინდისის პატიმრები რეალურად პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა დაჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ჩვენი პოზიცია მკაფიოა – სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ არის გამოსავალი. სახელმწიფო პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციაზე, ადამიანის რეაბილიტაციაზე და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე.
პოლარიზაციის დასრულების, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნის მიზნით, “ძლიერი საქართველო – ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია”,
– აცხადებს გალდავა.

banner
წინა სტატიაში“თავი აქვს გატეხილი და ოჯახს გვაბრალებენ…”- ჯანდაცვის სამინისტრომ საქმის შესწავლა დაიწყო
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე შს სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივას ეხმაურება