პარლამენტის მიერ გაზის ტარიფის დადგენის წესის ცვლილებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების ფონზე, ოპოზიციურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოში“ ამბობენ, რომ მოსახლეობას ბუნებრივი აირი შესაძლოა გაუძვირდეს.
პარტიის წევრ დათო დათუნაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანთან გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე მიღებული ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დააწვება ოჯახებს ზამთარში, როდესაც გათბობაზე მოთხოვნა პიკს აღწევს.
„ეს არის ორი საგანგაშო ინდიკატორი… ზამთრის დასაწყისში და იმ მომენტში, როდესაც პიკურ ნიშნულს აღწევს ბუნებრივი აირის მოხმარება, ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში“, — განაცხადა დათუნაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან გაფორმებული 20-წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება განსაზღვრავს გაზის შესყიდვის ფასს, ხელისუფლება კი პირობას იძლეოდა, რომ ტარიფი შენარჩუნდებოდა. დათუნაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2012 წლის დაპირების საპირისპიროდ, ქვეყანაში ყველა კომუნალური გადასახადი და საწვავი გაძვირდა, რაც მოსახლეობის მძიმე სოციალუ-ეკონომიკურ ფონსა და ხელფასების სტაგნაციას კიდევ უფრო ამძიმებს.
„ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს აზერბაიჯანულ მხარესთან ტარიფის შესანარჩუნებლად და, სულ მცირე, ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაძვირება არ დაუშვას.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა 28 ოქტომბერს მიიღო, რაც სემეკს უფლებას აძლევს, მოხმარებული გაზის მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია მიიღებს, შესაბამისად, გაზის ტარიფის მატება ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის.














