“დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას და ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არის ქცეული”,_ ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს გავრცელებულ განცხადებაში წერია.
“ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან. განსაკუთრებით საგანგაშოა მცდელობა, იგი ტერორისტად წარმოჩინდეს მაშინ, როდესაც ტერორიზმის ბრალდება არ არის დამყარებული სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე.
ალეკო ელისაშვილი, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე, შალვა პაპუაშვილის პირით შერაცხეს ტერორისტად და ამით პირდაპირი დავალება მისცეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მისაღებად.
ალეკო ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და დაშინებისთვის.
ვერც რეპრესიები, ვერც პოლიტიკური დევნა და ვერც უსამართლო განაჩენები ვერ შეაჩერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას ამ ქვეყანაში. ისტორია აუცილებლად შეაფასებს ამ რეჟიმის ქმედებებს და თითოეულ პასუხისმგებელ პირს საკუთარ ადგილს მიუჩენს.
“ძლიერი საქართველო-ლელო” სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახსა და მეგობრებს.
გვჯერა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დროებითია, ხოლო თავისუფლება -გარდაუვალი!
რეჟიმებს, რომლებიც ძალაუფლებას რეპრესიებით ინარჩუნებენ, ისტორიულად არსებობის შეზღუდული ვადა აქვთ.
მალე დადგება დღე, როდესაც ალეკო ელისაშვილი თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველოში აღდგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია”,_ აცხადებს “ძლიერი საქართველო-ლელო”.















