ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს – პრემიერი

ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც მახათას მთაზე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გახდება საყვარელი ადგილი ნებისმიერი ქართველისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო.

„ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობლივი პროექტი გახდება კიდევ ერთი სიმბოლო ამ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა ჩვენი სახელმწიფოსი. ეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ამავე დროს იქნება კვლევითი ცენტრიც, რაც, ჩემი აზრით, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, თუ რამხელა პრიორიტეტს ვანიჭებთ და რა აქცენტს ვაკეთებთ ჩვენ განათლებაზე და დარწმუნებული ვარ, როდესაც მოხდება პროექტის რეალიზაცია, ეს ადგილი გახდება საყვარელი ადგილი ნებისმიერი ქართველისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო.

ჩვენ გვაქვს ეროვნული საგანძური, რითაც ჩვენი წინაპრები ამაყობდნენ, რითაც ჩვენ ვამაყობთ და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ის გადავცეთ მომავალ თაობებს. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ რა წვლილი გვაქვს შეტანილი ჩვენ, ქართველ ერს მსოფლიო ცივილიზაციისა და ევროპული ცივილიზაციის ფორმირებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ისტორიულია.

„არის ნაბიჯები ისტორიული მნიშვნელობის და ასეთი ნაბიჯი არის გადადგმული დღეს. ღმერთმა დალოცოს ეს ნაბიჯი და ღმერთმა ინებოს, რომ შედეგი გამოიღოს კეთილი, ჩვენი ერის და ეკლესიის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ილია მეორემ.

საპატრიარქოში დღეს ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობისა და განვითარების მიზნით. მუზეუმში განთავსებული საეკლესიო საგანძურის დაცვასა და მოვლა-პატრონობას მთავრობა უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიმახათას მთაზე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აშენდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიასპორის მიმართულებით სტრატეგია ჯერაც გასააქტიურებელია