ძლიერი ქარის გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.

ამ დროისთვის, ძირითადად, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახურავების გადახდის ფაქტები. ამასთან, ადგილი ჰქონდა მშენებარე კორპუსიდან ფანჯრის ჩამოვარდნის შემთხვევას და ერთ მისამართზე ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის კედელი.

ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ათივე რაიონში, გამგეობების თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ასევე, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ტერიტორიას ჩახერგილი ხეებისგან წმენდენ.

დედაქალაქის გამგეობები მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინონ.

ამასთან, ძლიერის ქარის გამო, აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს სახელმწიფო დროშაც დაზიანდა, რაც დროულად იქნა აღდგენილი.

ვირუსის ბლოკატორები