ძიუდოს ფედერაცა ავთანდილ ჭრიკიშვილს – შანსი ყველა სპორტსმენს მიეცა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ავთანდილ ჭრიკიშვილის ბრალდებებს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული წერილით უპასუხა.

ჭრიკიშვილმა ფედერაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებს, ხოლო ძიუდოს ფედერაციას კვლავ დავით ქევხიშვილი მართავს.

„მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის, მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას”, – წერდა ჭრიკიშვილი.

ძიუდოს ფედერაცია საპასუხო წერილში აცხადებს, რომ შანსი ყველა სპორტსმენს მიეცა.

„გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გვსურს ორიოდ სიტყვით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია – გამომდინარე დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდგომ თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მოიაზრებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებ გუნდში მოხვედრის კანდიდატად, საშუალება მიეცა ეასპარეზა ყველა საერთაშორისო ტურნირზე, ასევე გაევლო მოთხოვნილი სასწავლო-საწვრთნელი შეკრება. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დროებით შექმნილი მმართველობითი სამუშაო ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრის დროს, ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელთათვის მიღებულ იქნა შემდეგი სახის დადგენილება – 2018 წლის 20-27 სექტემბრის მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით, ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებისა და დაკომპლექტების მიზნით, ნაკრები გუნდის მწვრთნელებს დაევალათ ურთიერთშეთანხმებით წარმოადგინონ ნაკრები გუნდის დაკომპლექტების ხედვა, რაც მათი მხრიდან დღემდე არ არის შემოტანილი და ბუნებრივია, ჩვენის მხრიდან რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი”,-ნათქვამია საპასუხო განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა მცხეთაში ძაღლის ლეკვი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა