ძიუდოისტები ერთმანეთს პატრიარქთან შეხვდნენ

region
ავტ.: region იანვარი 30, 2019 15:06

ძიუდოისტები ერთმანეთს პატრიარქთან შეხვდნენ

ქართულ ძიუდოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და არსებული დაპირისპირების დასასრულებლად ძიუდოისტები, ფედერაციის წარმომადგენლები და ქართული სპორტის სხვა წარმომადგენლები ერთმანეთს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვდნენ.

დაპირისპირების ყველა მხარე საუბრობს იმაზე, რომ მათ შორის კონფლიქტი დასრულებულია. შეხვედრას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ძიუდოისტები – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, უშანგი მარგიანი და ზებედა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ხაბარელიც.

„კარგი რამ მოხდა დღეს – შერიგება ძიუდოისტების. პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი, რასაც ჰქვია დაპირისპირება, აღარ უნდა იყოს. ეს იყო ნება ყველასი, რომ პატრიარქთან მოსულიყვნენ და შერიგებულიყვნენ. ყველაფერი კარგად იქნება. ეს არ არის მხოლოდ იაპონიის ინციდენტი, ამას ჰქონდა მთელი პროცესი, მთელი წელი მიმდინარეობდა დაპირისპირება სპორტსმენებს შორის, რაც ყველაზე ცუდი იყო. დღეს ყველა ერთმანეთს მოეფერა და ეს ინციდენტი ამოწურულია“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმაც – „მოგეხსენებათ ძიუდოში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო, ვერ იყო სიტუაცია დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა კურთხევით, მთელი ნაკრები და სრულიად ძიუდოს ოჯახი იყო მოსული პატრიარქთან და მისი ლოცვა კურთხევით ჩვენ გავერთიანდით და შევეცდებით ერთიანი ძალებით უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ ქვეყანას და ჩვენს სპორტს. სხვა დეტალებზე არ იყო საუბარი, კონკრეტულად იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გავერთიანებულიყავით და ასეც მოხდა.“

პირველი არხი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილსაც დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ძიუდოს ოჯახში დიდი შერიგება მოხდა – „დღეს განვითარებულ მოვლენებს მე დავარქმევდი დიდ შერიგებას. შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული მოვლენები დავივიწყეთ, უკან მოვიტოვეთ და დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან ურთიერთობას და იმ გზისკენ სვლას, რასაც ჰქვია ძიუდოს ინტერესები. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს – გურამ მოდებაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. მის ფუნქციებს ამ ეტაპზე ნოდარ მეტრეველი შეასრულებს.“

შეგახსენებთ, რომ ქართველ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება თვეების მანძილზე გრძელდებოდა და საბოლოოდ ოსაკას გრანდ სლემზე განვითარებული მოვლენებით დასრულდა

region
ავტ.: region იანვარი 30, 2019 15:06