ძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, საფუძველს მოკლებულია საუბარი იმაზე, რომ სადმე სხვაგან სანქციის სახით ბიძინა ივანიშვილის უფლებების შებოჭვა მოხდება – ყიფიანი

ძირითადი შეტევა მიტანილი იყო სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ სხვაგან სადმე ან სანქციების სახით, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით ბიძინა ივანიშვილის უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებს შვეიცარულ ბანკთან მიმდინარე დავაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, რეალურად ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ მისი, როგორც ბენეფიციარის, უფლებების შეზღუდვა მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე ეხება ფაქტობრივ სანქციებს.

„ვსაუბრობთ ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საკითხზე. ერთი არის, რომელიც მიმდინარეობს ბერმუდასა და სინგაპურში, ეს არის იმ თანხასთან დაკავშირებული, რომელიც ბანკის მხრიდან სერიოზული დარღვევების შედეგად კლიენტმა იზარალა და შესაბამისად, ჩვენ ვდაობთ ამ თანხის დაბრუნებაზე. ამაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი წარმატებით დასრულდა, ველოდებით პროცესის გაგრძელებას უკვე აპელაციის ფარგლებში. თემა, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ განცხადებაში, აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სწორედ ის იწვევს ჩვენს გაკვირვებას, რომ საუბარი არის სხვა ფინანსურ აქტივებზე, რომელიც ერთ-ერთი სატრასტო კომპანიის მართვაში არის და ჩვენს გაკვირვებას იწვევს სწორედ ის, რომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი მყარი ფაქტობრივი გარემოების გარეშე ბატონ ივანიშვილს შეეზღუდა ამ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა. სწორედ ამიტომ, შემოვიტანეთ ჩვენ ხმარებაში ასეთი სიტყვათწყობა როგორიც არის „ფაქტობრივი სანქციები“. ჩვენ რეალურად გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ბატონი ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტის გამოისობით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ რეალურად სწორედ შებოჭვა მისი უფლებების განხორციელებაში, როგორც ბენეფიციარისა, ჩვენ მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივ სანქციებთან და ჩვენ გამოვთქვამთ გაკვირვებას ამ შეზღუდვების, როგორც დასაბუთებულობასთან მიმართებაში და ვაცხადებთ პირდაპირ, რომ არავითარი დასაბუთება ამ შემთხვევაში არ არის და ვსვამთ კითხვას, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ასეთი შეზღუდვები, რას ისახავს ეს მიზნად და რა შეიძლება, ამის გაგრძელება იყოს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ადვოკატს კითხვა დაუსვეს, რა მოლოდინი აქვს, ხომ არ შეიძლება, პროცესის მასშტაბები კიდევ გაიზარდოს.

„ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ამ ფაქტობრივი შეზღუდვების განმახორციელებელი აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი. ნებისმიერ გლობალურ ინსტიტუტს აქვს შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა. ჯერჯერობით ამაზე შორს არ მივდივართ და თუ ჩვენ ამაზე შორს წავედით სხვა ფაქტების დასახელების მიზნით, ამაზე ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს. მოლოდინი, როდესაც არაჯანსაღი აჟიოტაშია ატეხილი, რომ ეს ფაქტობრივი შეზღუდვები გავრცელდება, გაფართოვდება და ამაში შეიძლება, ბანკის გარდა ჩაერთონ სხვა აქტორები, სახელწიფო თუ არასახელმწიფო, მინდა, მათ იმედები გავუცრუო. იერიში და ძირითადი შეტევა იქნა მიტანილი სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც რეალურად ივანიშვილს გააჩნია ფინანსური აქტივი. სხვაგან სადმე ივანიშვილს ფინანსური აქტივი არ აქვს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ სხვაგან სადმე ან სანქციების სახით ან სამართლებრივი სანქციის სახით ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით მისი უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია. ივანიშვილს აქტივები აქვს საქართველოში, საქართველოში რაიმე შეზღუდვებზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია. ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, აქვს საცხოვრებელი საფრანგეთში და იქაც რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ჩვენი აზრით გამორიცხულია. ვინმეს თუ ინფორმაცია აქვს რომ სადმე, გარდა გენზის იურისდიქციისა, სადაც ის ტრასტი არის განთავსებული, მას აქვს რაიმე ფინანსური აქტივი და შესაძლებელი არის, ვინმე რაიმეს მოლოდინში იყოს, რომ იმ ფინანსურ აქტივებთან მიმართებაში განხორციელდება რაღაც შეზღუდვები, გაგვიზიაროს ჩვენ ინფორმაცია. იმდენად, რამდენადაც ვარ ივანიშვილის ადვოკატი, მაქვს ინფორმაცია მის ფინანსურ აქტივებზე, ფულის მოძრაობაზე და შესაბამისად, შემიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად გითხრათ, რომ დარტყმა იყო იმ მისამართით და იმ წყაროს მიხედვით, სადაც ფინანსური აქტივი ფაქტობრივად არის. ერთ-ერთ განცხადებაში წარსულში ასევე ვახსენე, რომ ჩვენ გვქონდა ერთჯერადი სახის პრობლემა ლონდონსა და ნიუ იორკში, რომელიც მოგვარდა, სამართლებრივი პროცედურების გამოისობით. სხვა პრობლემის წინაპირობა სადმე, რომელიმე სხვა ქვეყანაში, ან რომელიმე სხვა იურისდიქციაში ჩვენ არ და ვერ შეიძლება, გვქონდეს. ვინაიდან არსად სხვაგან ჩვენ რაიმე ფინანსური აქტივი ან რესურსი ფიზიკურად არ გვაქვს. ჩვენ მოწმენი ვართ ამ იერიშის მიტანისა სწორედ იქ სადაც რეალურად აქტივი ფიზიკურად ფაქტობრივად მოცემულია“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი რომ „ფაქტობრივი სანქციები“ უკვე რეალურ სანქციებად იქცევა და უკვე ოფიციალურად დაუწესდება ივანიშვილს სანქციები, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ამის ობიექტური წინაპირობა არ არსებობს.

„მოლოდინი მაქვს, რომ სამართლებრივ პროცედურებს ჩვენ ალბათ წლის ბოლომდე მოვაგვარებთ. სხვა მოლოდინი, რომ სადმე იქნება დამატებითი სიმძაფრე შეტანილი, ამის ობიექტური წინაპირობა არ არსებობს, რადგან არსად სხვაგან რაიმე აქტივი ფიზიკურად განთავსებული არ არის“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ჟურნალისტებმა ასევე ვიქტორ ყიფიანს კითხვა დაუსვეს, რა შეიცვლება ივანიშვილისთვის, რა შეზღუდვები გავრცელდება მასზე, თუ ოფიციალური სანქციები დაუწესდება.

„მთავარია, რომ ბატონი ივანიშვილის მიდგომა საკითხისადმი არ არის ამოვარდნილი კალაპოტიდან და ის ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს, იმ საჭირო ხარისხის მედეგობას, რაც ჩვენს იურიდიულ გუნდს გვაძლევს საშუალებას, რომ მივყვეთ ამ საქმეს თანმიმდევრულად და ყველა პრობლემა გადავწყვიტოთ ასევე თანმიმდევრულად და სამართლის პროცედურებით. ეს არის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლებ ჩვენ გამოვიტანოთ. სხვა მხრივ ფაქტობრივი გარდაისახება სამართლებრივში თუ არა, ეს ამ მოცემულობაში ჩემთვის პირადად, მეორეხარისხოვანია“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, ყიფიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველები მუდმივ კომუნიკაციაში არიან უცხოელ იურიდიულ მრჩევლებთან.

კითხვაზე, აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ როდის შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი თავად შეხვდეს მედიას, ადვოკატმა, აღნიშნა, რომ როდის დადგება ამის საჭიროება, ეს თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია.

„სხვადახვა განცხადებებში არაერთხელ აღინიშნა ასეთ მზაობაზე, თუმცა დათქმა იყო – საჭიროებისამებრ. როდის დადგება ასეთი საჭიროება, რა ფაქტები და გარემოებები განაპირობებს, ეს რა თქმა უნდა, პირადად ბატონი ივანიშვილის გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ უაზრო ფორმულა შემოგვთავაზა – გოცირიძე
შემდეგი სტატიაშინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, ძლიერი საერთაშორისო ფიგურა, მთელი საქართველო შოკირებულია – ზურაბიშვილი