„ძენი მუსიკის, დღენი ქარიშხლის“- როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი მერაბ კოსტავაზე

 

 

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით, გამოიცა როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი მერაბ კოსტავაზე: „ძენი მუსიკის, დღენი ქარიშხლის“. ეს არის ამ მწერლის რიგით 23-ე რომანი ბიოგრაფიულ სერიაში. რომანი ეყრდნობა დიდძალ დოკუმენტურ მასალასა და გადმოცემებს. ასევე, აღდგენილია მერაბ კოსტავას ჰეროიკული ცხოვრების გზაც და მისი მრავალმხრივობაც, როგორც: პუბლიცისტის, არტკრიტიკოსის, მთარგმნელის, პოეტის. წიგნი, რომელიც მხატვრულად გააფორმა კარლო ფაჩულიამ, გამოიცა ქუთაისის საგამომცემლო ცენტრის მიერ.

წიგნს დაერთვის ავტორის მინაწერი, რომელშიც ნათქვამია:

„თუ რომელიმე სახლ-მუზეუმს უფრთხილდებიან განსაკუთრებული მოფრთხილებით, თუ რომელიმე სახლ-მუზეუმზე ზრუნავენ განსაკუთრებული მზრუნველობით, თუ რომელიმე სახლ-მუზეუმი გამცნობს მისი მთავარი და მარადიული ბინადარის სულიერებასა თუ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, უსათუოდ ეს აწ უკვე ისტორიული შენობაც, მერაბ კოსტავას სახელით რომ აღბეჭდილა.

ყველგან არამცთუ სისუფთავე, სისათუთე სუფევს. ყველგან სიხასხასე სუნთქავს.

ციცინო მაღლაფერიძე, დიასახლისი ამ მუზეუმისა, სისხლი სისხლთაგანი მერაბ კოსტავასი, და მისი გუნდი ინარჩუნებს იმ სულიერებას ამ გარემოში, ურომლისოდაც ასეთი მეტყველი ვერ იქნებიან ექსპონატები, ეს ურიცხვი დოკუმენტური მასალა, იმჟამინდელ რეალობას ხელშესახებად რომ განგაცდევინებენ – რუსული კაბალიდან საქართველოს დახსნის უაღრესად მღელვარე, დრამატიზმითა და ტრაგიზმით, რომანტიზმითა და ჰეროიზმით აღსავსე პროცესს.

რამდენი გეგმა შემუშავებულა ამ გარემოში. რამდენი განზრახვა და ჩანაფიქრი მომზადებულა. რამდენ ადამიანს უტრიალია, რამდენი სულის ანაბეჭდი თუ ანარეკლი შერჩენია აქაურობას. და არამარტო იმ უხვი დოკუმენტებით მოგამარაგებენ, თუკი მერაბ კოსტავას ლიტერატურულ-ფსიქოლოგიური პორტრეტისა თუ ბიოგრაფიული ქრონიკის გაცოცხლებას შეეცდები, არამედ ამბებსა და დეტალებსაც უშურველად მოგაწვდიან, ათასგვარ მსხვილმანსა და ვითომწვრილმანს, რათა ყოველმხრივ გაგიადვილონ იმ დროისა და ამ პიროვნების სულში ჩახედვა, პიროვნების, რომელიც მარტოდენ ეროვნული გმირი არა ყოფილა და ღრმად მოაზროვნე კაციც გახლდათ, მის ნაწერებსაც, მხატვრულსა თუ პუბლიცისტურს, თავისი მნიშვნელობა რომ აქვს და გვავალებს უფრო გულდასმით გავერკვეთ მათ სიღრმესა და თავისებურებაში და შესაფერისი ადგილიც მივუჩინოთ პოლიტიკური და სახელოვნებო აზრის ისტორიაში.

ვახტანგ ბახტაძე აქ უამრავჯერ ყოფილა, მაგრამ ისე მონდომებულიყო ბიოგრაფიული რომანის შექმნას მერაბ კოსტავაზე, მის უფროს მეგობარზე, აქ ხშირი სტუმრობისას გვერდიდან არ მომცილებია და არაერთი საგულისხმო ნაამბობითა თუ მოსაზრებითაც ამდიდრებდა ამ წიგნის შინაარსს, რომლის გარკვეული გვერდებიც უშუალოდ მერაბ კოსტავას მაგიდასთან იქმნებოდა და ეს გარემოებაც ძალიან წაადგებოდა მის დროულად მოთავებას.“

 

 

 

banner
წინა სტატიაშიადვოკატებმა ლევან ჯანაშიას მიერ გაგზავნილი შეტყობინებები გაასაჯაროეს
შემდეგი სტატიაადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა