ძამაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზი არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის

სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული პრესრელიზი არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის და დასტურდება ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო განმარტავდა ამ დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

როგორც ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, პრესრელიზი გამოქვეყნებულია სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

„დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა პრესრელიზი მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით, რომელზეც მან გადაწყვეტილება მიიღო 10 ნოემბერს. ამ რელიზიდან, ფაქტობრივად, დასტურდება ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო მთელი ამ დღეების განმავლობაში ამბობდა. კერძოდ, პრესრელიზიდანაც ძალიან მკაფიოდ იკითხება იგივე, რაც მოწერილ წერილში იყო ხაზგასმული, რომ მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა იყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ამისგან განსხვავებით ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, თავად მომჩივანს მოუწოდოს დაჟინებით, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ორი კვირის ვადაში, 24 ნოემბრამდე, უნდა მივაწოდოთ ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების შესახებ. შესაბამისად, ის, რაც მხარეებისთვის იყო ცნობილი და წერილობით გვეცნობა, ახლა უკვე ნებისმიერი მესამე პირისთვის არის ხელმისაწვდომი, განთავსებულია ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე და ეს ინფორმაცია კიდევ უფრო ნაკლებ სივრცეს ტოვებს, ამ საკითხის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისთვის“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის წევრებს მარჯანიშვილზე უცნობი პირმა შეურაცხყოფა მიაყენა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო ნატოს ახლო პარტნიორები არიან