ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეურაცხყოფასა და თავდასხმაში ადანაშაულებს

საქართველოს ნაკრების ძალოსანმა, თათია ლორთქიფანიძემ, მის პირად მწვრთნელთან და უფლებადამცველთან ერთად კვირის პრესსკლუბში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც მისი საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გარიცხვის მიზეზებზე ისაუბრეს.

სპორტსმენიც და მისი მწვრთნელიც ადასტურებენ, რომ ის არაერთხელ გახდა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას, შეურაცხყოფის და თავდასხმის მსხვერპლი.

ძალოსანი განმარტავს, რომ მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ მას ფეხმძიმობა დააბრალა.

„იყო ტრენერის მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა ჩემს მიმართ. ორსულობის თემა დამაბრალა, რაც ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი იყო. გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი და ამისათვის ხერხს მივმართე, რომ მშობელი ჩამერია. რა თქმა უნდა, ტრენერისთვისაც უნდა მეთქვა და ამავდროულად ბატონმა კახი კახიაშვილმა ხელწერილი დააწერინა გელას, რომ ვალდებული იყო, თვითონ ჩარეულიყო ამ საქმეში,“ – განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.

ძალოსნის უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, განცხადებით, მან უკვე მიმართა ქალური ღირსების შეურაცხყოფის ბრალდებით სახალხო დამცველის აპარატს, რომელმაც ამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.

ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ ამ საქმემ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, განსახილველად სასამართლოში გადაინაცვლოს.

“შეურაცხყოფის ფაქტებს, რომელსაც უხვად ჰქონდა ადგილი თემურ ჯანჯღავას მხრიდან თათია ლორთქიფანიძის მისამართით, იქნებოდა ეს აგრესიის გამოვლინება მის მიმართ, ფეხებთან დაფურთხება თუ სხვადასხვა ტიპის ისეთი შეთავაზებები ქალის მიმართ, რომელიც, ალბათ, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი ქალბატონისთვის და რასთან დაკავშირებითაც ფორმალურადაც კი, კახი კახიაშვილს არ გაუტარებია არანაირი ზომები,“ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მწვრთნელი გელა მახარაშვილი თათია ლორთქიფანიძის შემოწმებას ითხოვს, რათა დამტკიცდეს, რომ ის დოპინგს არ ღებულობდა.

„როდესაც არჩევნები ჩატარდა, გია ასანიძის და მაჭავარიანს შორის, მე მივეცი მაჭავარიანს ხმა, ერთმა ხმამ გადაწყვიტა ეს და იმის მერე არის ეს დაძაბულობა. მე დოპინგი არასდროს არ მიმიცია თათიასთვის. მე მოვითხოვ, ხვალ გასინჯონ, ვითომ შეჯიბრზე გამოვიდა და დავამტკიცებ, რომ თათია სუფთაა,“ – განაცხადა გელა მახარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაბა ლაითურთან ტყის ხანძარს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით აქრობენ
შემდეგი სტატიაპარლამენტის შენობის წინ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა