ძალის გამოუყენებლობაზე ერთობლივი განცხადების თაობაზე რუსეთმა თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას

ძალის გამოუყენებლობაზე ერთობლივი განცხადების თაობაზე რუსეთმა თავი აარიდა კონსტრუქციულ მსჯელობას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც არის დამყარებული ჟენევის მოლაპარაკებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ ეს არის ძალის გამოუყენებლობის თაობაზე მონაწილეების ერთობლივი განცხადება. ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში სანამ მივიდოდით დღის წესრიგით აღნიშნულ საკითხთან, წარმომადგენლებმა რუსეთიდან გააკეთეს რამდენიმე ისეთი განცხადება, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ დღის მეორე ნახევარში არ მომხდარიყო შინაარსობრივი მსჯელობა ამ საკითხის გარშემო და რეალურად ასეც მოხდა – მათ თავი აარიდეს კონსტრუქციულ მსჯელობას და ეს გააკეთეს იმითი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ის ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც არის დამყარებული ჟენევის მოლაპარაკებები, ანუ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს და რომელიც შეთანხმდა ევროკავშირის მედიატორობით, კერძოდ საფრანგეთის იმხანად პრეზიდენტ სარკოზის მეშვეობით. ყოველივე ამის შემდეგ უკვე რთული იყო საგნობრივი მსჯელობა ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ამ რაუნდზე წინ ვერაფრით წავიწიეთ“, – განაცხადა დონდუამ.

მისი თქმით, ძალის გამოუყენებლობის საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

„მსჯელობა გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით და სანამ არ იქნება ისეთი განცხადება, ისეთი ტექსტი და მზაობა, რომ ეს ყველაფერი ქაღალდიდან გადავიდეს პრაქტიკაში, გადავიდეს ქმედებებში, მანამდე წინსვლა ვერ იქნება. სანამ არ იქნება გათვალისწინებული ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც არის ჩვენი და რომელსაც იზიარებს ამ მოლაპარაკებების ყველა დანარჩენი მონაწილე და პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თანათავმჯდომარეობენ ამ ფორმატს“, – განაცხადა დავით დონდუამ.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.

როგორც გრიგორი კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჟენევის დისკუსიების მონაწილეები ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის პოლიციის უფროსის სავარაუდო დანიშვნას გიორგი კუკავა აპროტესტებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება იყო მიმართული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პოზიტიური წინსვლისკენ, თუმცა ჩვენ ვიხილეთ საქართველოს პარლამენტის მკვეთრი განცხადებაც