„ძალინ დიდი ხანია, ვიცით, სადაც ვერ მართავენ დირექტორს, იქ ცდილობენ, რომ მას პრობლემები შეუქმნან”

სადაც ვერ მართავენ დირექტორს, იქ ცდილობენ, რომ მას პრობლემები შეუქმნან, – ასე აფასებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან ნათია კაპანაძის გადაყენებას მედიაექსპერტი ნინო დანელია. მისი თქმით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიაა.

„ძალინ დიდი ხანია, ვიცით, სადაც ვერ მართავენ დირექტორს, იქ ცდილობენ, რომ მას პრობლემები შეუქმნან. ცდილობენ, ასე, მეხამრიდივით დირექტორი და მენეჯმენტი, რომლებიც დგანან ძალიან კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ჟურნალისტების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის სადარაჯოზე, მოიცილონ თავიდან, რომ უფრო ადვილი გახდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა. რაკი დიდი ხანია, ვაკვირდები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, გამოკვეთილად, ეს არის ყველაზე დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზია. ბუნებრივია, მაქვს სრული ნდობა და იმედი იმ ჟურნალისტების, რომლებიც იქ მუშაობენ, რომ შეეცდებიან, გააგრძელონ პროცესები, რომელიც ამ ტელევიზიაში დაიწყო“, – განაცხადა ნინო დანელიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა. ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – ნათია კაპანაძეს, როგორც დამოუკიდებელ მენეჯერს, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებდა
შემდეგი სტატიაყაჩაღობა ბათუმში – ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა