“ძალიან სუსტი ანალიზი იყო”-კობახიძე ზურაბიშვილის ბრიფინგზე

სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სუსტი ანალიზის შედეგი სავარაუდოდ, ინფორმაციის ნაკლებობა იყო.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მცდელობა, სალომე ზურაბიშვილისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია, რაც მისი თქმით, პრეზიდენტმა არ მიიღო.

„სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი. ანალიზის სისუსტე შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი – ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა ასევე შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა, ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, კონკრეტულად, რა ინფორმაციასთან დაკავშირებით ესაუბრა მმართველი გუნდი პრეზიდენტს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი არ იქნება სწორი.

„არ ივარგებს რაღაცების საჯაროდ თქმა, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცებს ჩვენ ვუფრთხილდებით. ეს არის ერთადერთი მიზეზი. საზოგადოებასთან 100%-ით უნდა ვიყოთ გახსნილი, მაგრამ რაღაცებს რომ გავუფრთხილდეთ, ყველაფერს გარეთ ვერ გამოვიტანთ. ეს გამომდინარეობს ინფორმაციის დეფიციტის გამო, ან შეიძლება არ ჰყავს ისეთი ანალიტიკოსები ადმინისტრაციაში. მთლიანობაში, ძალიან სუსტი იყო ის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილი იყო. ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული და ა.შ. სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა, ეს არის ღიმილისმომგვრელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: გორბის კითხვები აბსურდულია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი კიდევ არსებობს, ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის