სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში შიო III-ის ქადაგებას ეხმიანება, რომელიც ახლად არჩეულმა პატრიარქმა 17 მაისს, „ოჯახის სიწმინდის დღეს“, სამების ტაძრის ეზოში წარმოთქვა.
„ძალიან მტკივნეულია, როცა ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს წარმომავლობით ყოფენ. საქართველოში გინდ აზერბაიჯანელი იყოს, გინდ სომეხი, გინდ ქისტი თუ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ყველა ერთი ქვეყნის შვილია, ყველა საქართველოს მოქალაქეა.
როცა ამბობთ, თითქოს „ვიღაცები მრავლდებიან“ და ქართველები არაა, ეს არა მხოლოდ მცდარი, არამედ სირცხვილიცაა. რეალობა ისაა, რომ თითქმის ყველა უმცირესობების ოჯახში 2 ბავშვია, მაქსიმუმ 3 და ისიც ხშირად მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახს ბიჭი არ ჰყავს. ეს საერთო სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია და არა რომელიმე ეთნოსის „ბრალი“.
ილია II-ს სწორედ ამიტომ უყვარდა ყველა ერი რომ ეს იყო მაგალითი იმისა, როგორ უნდა ვხედავდეთ ერთმანეთს არა დაყოფით, არამედ ერთობით. ილია მეორეს გარდაცვლის დროს მთელი აზერბაიჯანული თემი რელიგიური დღესასწაულიც არ აღნიშნა, რომ არ შეიძლება, იმის გამო კი არაა არ აფასებენ თავის რელიგიას, ის იყო წლების ურთერთსიყვარულის დამტკიცება და შედეგი.
და ამ დროს, როცა მსგავსი განცხადებები საჯაროდ კეთდება, ქვეყნის ლიდერები – პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის სპიკერი – უსმენენ, ტაშს უკრავენ და მადლობასაც კი იხდიან. ეს კიდევ უფრო მძიმეა. დღეს იძულებით წაიყვანეს უმცირესობებიც ეს მსვლელობაზე, უსმენდნენ ეს ყველაფერს!
ამასობაში, ქვეყანაში ქართველი ბავშვები სიცოცხლისთვის იბრძვიან და წამალს ითხოვენ. ყოველ წელს ათასობით ადამიანი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ სრულფასოვანი სამედიცინო სერვისი არ არსებობს. ყოველ წელს ასობით ადამიანი ავარიებში კვდება. ასიათასობით ადამიანი შიმშილობს 3.7-მილიონიან ქვეყანაში.
სრული ოჯახი იშვიათია, თითქმის ყველა ოჯახიდან ვინმე ემიგრაციაშია. ბავშვები წლებია დედას ან მამას ვერ ხედავენ.
და ამ ყველაფრის ფონზე, მართლა სხვა ხალხია დამნაშავე?
თუ პრობლემა იმ სახელმწიფოშია, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ვერ იცავს, ვერ უზრუნველყოფს და საბოლოოდ აიძულებს, ქვეყანა დატოვონ. მაგრამ ეს ვერ ეტყვით, ვერ ეტყვით!
არც ერთი რელიგია არ ამართლებს იმას, რომ ვინმეს ავნო, დაჩაგრო ან სიცოცხლე წაართვა. პირიქით – ეს ითვლება მძიმე ცოდვად და უსამართლობად, რომლისთვისაც პასუხი არსებობს ღმერთისგან” – წერს ბაირამოვა.
17 მაისს პატრიარქმა შიო III-მა განაცხადა:
„ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან და შეიძლება, ღმერთმა დაიფაროს ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას. ამიტომ მოგვცეს მადლი უფალმა, რომ ვიზრუნოთ, ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის.
















