“ძალიან მალე სატელევიზიო სივრცეში აღიკვეთება ბილწსიტყვაობა, რომლის განმასახიერებლები ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე არიან”

რაც ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით ხდება, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, – ასე პასუხობს ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელმაც კობახიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

”არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას, უბრალოდ გავიმეორებ, რომ 2012 წლამდე მისი აქტიურობა არ მახსოვს, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი თვითმხილველიც ვართ 2012 წლის შემდეგ. ზოგადად გეტყვით იმ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი 2”-ის მიერ ხატი, როგორც გულანთებული ადამიანის, ეს ის დრო იყო როცა ”რუსთავი 2”-ში ბუზიც ვერ შეფრინდებოდა ”ნაციონალების” ნებართვის გარშე. ეს პროექტი დაიწყო 2012 წლამდე და გრძელდება ახლაც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ იყო კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ჰყავდა კონკრეტული დამკვეთები და ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ ეს ადამიანები და იგივე გრძელდება ახლაც.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ალეკო ელისაშვილი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა გიგი უგულავას დროს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას ის არასოდეს აკეთებდა იქ, სადაც ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

”ის რაც ხდება ტელეეთერის მეშვეობით, ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, თუმცა ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და ძალიან მალე აღიკვეთება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები არიან ელისაშვილი და ნატა ფერაძე“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რა ფორმით აღიკვეთება სიძულვილის ენა და ბილწსიტყვაობა, იგულისხმება თუ არა ამაში საკანონმდებლო ცვლილებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება არანაირ რეპრესიულ ზეწოლას არ გეგმავს, უბრალოდ განვითარდება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა.
რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებდა თავად ირაკლი კობახიძე 2012 წლამდე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ ის ერთ-ერთი პროფესორთაგანი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც თავის პოზიციას ყოველთვის აფიქსირებდა.

”იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი ჩართული იყო იმ პროექტების განხორციელებაში, რომელთა ავტორიც დაგისახელეთ, მაშინ მე სულ გამოვხატავდი ჩემს პრინციპულ პოზიციას, სამოქალაქო ატივობების და აქციების სახით. მათ შორის უნივერსიტეტში, სადაც წლების განმავლობაში ვატარებდი ლექციებს. მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი, რომლმაც გააპროტესტა იქ საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” განახორციელა. მაშინ როცა ალეკო ელისაშვილი ახორციელებდა ”ნაცმოძრაობის პროექტებს, მე გამომაგდეს თსუ-დან, ხოლო 2011 წლიდან ჩავერთე ”ქართული ოცნების” აქტივობებში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეის განცხადებით, არაკორექტულია დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნა იმ პირების მხრიდან, რომლებიც გიგი უგულავას მმართველობას ფუთავდნენ.

მისივე თქმით, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ალეკო ელისაშვილის ასეთი აქტიურობა 2012 წლამდე არ ახსოვს.

banner
წინა სტატიაში“რეგვენია და ბოდიშს ასეთებისგან არ ვითხოვ” – ნატა ფერაძე ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატია“ოპონირება არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს თავ-პირი ვამტვრიოთ”- გიორგი ვაშაძე ნოდარ ხადურსა და ზვიად ჯანყარაშვილთან შეხვედრაზე