ძალიან იმედგაცრუებული ვარ… პრეზიდენტი ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს – იან კელი

იან კელი

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი, რომელმაც ორივე მხარე უნდა შეარიგოს, ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საუბრობს.

“მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა კიდევ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ ორი მხარის დასაახლოებლად. ის არის ადამიანი, რომელმაც ეს ნაბიჯები უნდა გადადგას”, – ამბობს კელი.

ამბობს, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი “პოლიტიკური მოტივებით არიან დაკავებულები”. თუმცა, შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა სალომე ზურაბიშვილის კრიტიკისას სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, იან კელი პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოს პრიორიტეტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად “ორივე მხარის დაახლოება” უნდა იყოს.

ჩემთვის ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ რადგან დრო მიდის და ევროკომისიამ დააყენა საათი და ის წიკწიკებს, პრიორიტეტი უნდა იყოს ორივე მხარის ერთმანეთთან დაახლოება რეკომენდაციების შესასრულებლად, ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამიტომ ერთობლივი მუშაობა უნდა მოხდეს, რა გზით, ვერ გეტყვით, – ამბობს კელი.

მისივე თქმით, საქართველოში, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, უნდა ეცადოს, რომ “ქვეყნის ინტერესები ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე წინ დააყენოს” და “პოლარიზაცია მინიმუმამდე დაიყვანოს”.

ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ , რომ პოლიტიკური პარტიები ქულების მოპოვებით უფრო არიან დაკავებულები. ამას მე ჩემს ქვეყანაშიც ვხედავ, მაგრამ როცა საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, აშშ-ში ერთ პოზიციაზე შეთანხმებას ვახერხებთ. სწორედ ასე მოხდა პანდემიის დროს, – თქვა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ღირსეულად მიუძღვება ღირსეული მამის დაწყებულ საქმეს – მანველიძე