ძალიან გვინდა, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს – ვინიკოვი

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვანიკოვის თქმით, საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა, თუმცა ის შეეხო საქართველოში გარკვეულ სფეროებში რეფორმების გატარების შენელების საკითხსაც.

ვინიკოვის თქმით, საქართველოში, რეფორმების მხრივ, ზოგიერთი სფერო, მაგალითად მართლსაჯულება და საარჩევნო რეფორმები, შენელებულია. NATO-ს მოკავშირეები ისურვებენ, რომ ამ სფეროებში რეფორმები უფრო აქტიურად გატარდეს.

“იმისთვის, რომ გადაწყდეს ქვეყნის [NATO]-ში გაწევრიანების მოწვევა, როგორც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, აუცილებელია ორი რამ – პირველ რიგში, ქვეყანა უნდა წევრობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად უნდა იყოს. როგორც იცით, ეს მოთხოვნები ცდება უსაფრთხოებასა და თავდაცვას, რადგან NATO-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არა მხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ ქვეყანა უნდა იყოს მზად. მეორე ნაწილი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული [NATO-ს] მოკავშირეების კონსენსუსის საფუძველზე, რომ მათ სურთ ქვეყნის მიწვევა, რადგან ის გააძლიერებს მთელი ალიანსის უსაფრთხოებას.

ასე რომ, ახლა საქართველოს ფოკუსი უნდა იყოს მომზადებაზე, ევროატლანტიკური რეფორმების იმპლემენტაციაზე, რაც [საქართველომ] მიზნად დაისახა. ზოგიერთ სფეროში, რომელშიც ბოლო წელ-ნახევარში ვნახეთ ტემპის შენელება, ძალიან გვსურს, რომ საქართველომ ამ სფეროებს მიხედოს და აღადგინოს რეფორმების ტემპი. კერძოდ, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ ზედამხედველობის პრობლემაზე, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ ზედამხედველობაზე. ასევე, მართლმსაჯულებასა და საარჩევნო რეფორმის გაგრძელებაზე. ეს სფეროები ხაზგასმული იყო მოკავშირეების მიერ და ამ სფეროებში რეფორმების უფრო მონდომებულ იმპლემენტაციას ისურვებდნენ”. – თქვა ვინიკოვმა.

ვინიკოვის თქმით, თუ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მას NATO-ში გაწევრიანებაში ხელი პირდაპირ შეეშლება. მან ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება.

“ვაშინგტონის შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას ხელს შეუშლის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები აქვს, თუმცა, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა ერთობლივად უნდა მიიღონ, როდესაც დრო მოვა”. – თქვა ვინიკოვმა.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ისაუბრა ალიანსის მიერ საქართველოსთვის განკუთვილი ზომების მხარდაჭერაზეც. ამ გეგმას, მისი თქმით, პარტნიორებზე მორგებულ ზომებს უწოდებენ.

“მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს რამდენიმე ზომას საქართველოსთვის. მათ პარტნიორებზე მორგებულ ზომებს ვუწოდებთ. მოგეხსენებათ, საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებისა და უსაფრთხოების გარემოში ჩარევით, რაც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული ომით არის გამოწვეული.

ეს ზომები საქართველოს მიმართ NATO-ს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა, განსაკუთრებით მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ერთგულია NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას ეხება”. – თქვა ვინიკოვმა.

ამას გარდა, ვინიკოვის თქმით განიხილავენ ერთობლივი სწავლებების სამიწლიანი შუალედიდან ორწლიან შუალედამდე დაწევას.

“საქართველოზე მორგებული პაკეტი აძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ახალი პაკეტი შექმნილია საქართველოს შესაძლებლობების გასაზრდელად და მისი მედეგობის გასამტკიცებლად, მათ შორის საქართველოს მონაწილეობის გაზრდით NATO-ს კიბერწვრთნებში, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებითა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში. განვაგრძობთ მუშაობას NATO-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოსთვის ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ რჩება, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, კრიზისების მენეჯმენტი და კიბერთავდაცვა. ასევე განვიხილავთ პაკეტში რამდენიმე ახალი სფეროს დამატებას. გავზრდით ჩვენი სწავლებების რაოდენობას და ვეცდებით, რომ ეს წვრთნები ჩავატაროთ არა სამ, არამედ ორ წელიწადში ერთხელ. ასევე ვითანამშრომლებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, მათ შორის ევროკავშირთან”. – დაამატა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის
შემდეგი სტატიასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან