,,ძალიან დადებითი დასკვნა დადო ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის შესრულების კუთხით”

თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებაში გარკვეულ ქვეყნებთან არის გაუმჯობესება, გარკვეულ ქვეყნებთან არის სასურველი, რომ უკეთესი მდგომარეობა იყოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა ევროკომისიის ანგარიშს და აღნიშნა, რომ კომისიამ დადებითი დასკვნა დადო. “ძალიან დადებითი დასკვნა დადო ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის შესრულების კუთხით. იქ აღნიშნულია, რომ საქართველომ შეასრულა 2017 წელს საქართველოს წინაშე დაყენებული ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია. ჩვენი რეაგირება ყველა იმ რეკომენდაციაზე იყო ეფექტური, მათ შორის, ის საკანონმდებლო ინიციატივები და კომუნიკაციის ფორმები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა 2017 წლიდან დღემდე, ევროკავშირის მხრიდან უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული. საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ საქმიანობას, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაპოვარი – თავისუფალი მიმოსვლა – იყოს კარგად გამოყენებული ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. იქ საუბარიც კი არ არის შეჩერების მექანიზმზე, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა და ვფიქრობ, ეს არის იმის გამოვლინება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ყველა შტომ, ვინც იყო ჩართული სავიზო რეჟიმის იმპლემენტაციის პროცესში, წარმატებით გაართვა თავი ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენ გვქონდა. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ კიდევ თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით საქართველოს პოზიციები სასურველია, უკეთესი იყოს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ანგარიშში სწორედ ეს აისახა, რომ ჩვენი რეაგირება ამ გამოწვევებზე არის ადეკვატური. 11-მა ქვეყანამ შეიყვანა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ყველა ქვეყანას ევროკავშირში მსგავსი სია არ აქვს, მაგრამ ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რომ ამ სიტუაციის პრევენცია მოვახდინოთ. ასევე, კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით შსს ძლაიან აქტიურია – ორმხივი შეთანხმებები იდება და დარწმუნებული ვარ, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განხორციელდა გვარის შეცვლასთან დაკავშირებით, არის ძალიან პოზიტიური. მომავალ წელს ჩვენ ძალიან გავააქტიურებთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის აქტიურ მიტანას”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით თავშესაფარზე ბევრ ქვეყანასთან პოზიტიური დინამიკა გვაქვს.

„დღეს გერმანიაში ჩვენმა ელჩმა გვაცნობა, რომ ბოლო თვის მონაცემები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. გარკვეულ ქვეყნებთან არის გაუმჯობესება, გარკვეულ ქვეყნებთან არის სასურველი, რომ უკეთესი მდგომარეობა იყოს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ანგარიში არის პოზიტიური, მისასალმებელია. გერმანიასთან ბოლო თვის მონაცემები გვაქვს უკეთესი, ვიდრე ანგარიშში არის ასახული. მთლიანობაში დინამიკა პოზიტიურია”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო
შემდეგი სტატიასამი ქვეყნის მინისტრი საოკუპაციო ხაზთან-,,გვინდა გავახშიროთ კონტაქტები გამყოფი ხაზების გასწვრივ”