საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესს ესწრებოდა, მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს და უსაფუძვლოს უწოდებს.
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი სასჯელს მხნედ, ღირსებით და შემართებით მოიხდის.
“მე მგონი, დღეს არავის არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და გამოიტანდა იმ გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რომელსაც მაინც ველოდით. მე მინდა გამოვხატო ჩემი სრული პატივისცემა მზიას მიმართ, რომელმაც დღესაც გვიჩვენა თავისი ღირსება, მხნეობა, შემართება და დარწმუნებული ვარ, ასე გაივლის ამ ძალიან მძიმე დროს, რაც მიუსაჯეს მას და დატოვეს ძალაში ის სასჯელი, რომელიც არის ძალიან უსამართლო და უსაფუძვლო. მე მაინც ერთი რამის იმედი მქონდა, რომელი იმედიც არ შეიძლება ჩვენ დავკარგოთ, ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ შეიძლება გამოჩნდეს ერთი მოსამართლე მაინც, რომელიც ადამიანად დარჩებოდა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ქვეყნისთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო. ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია. მე დღეს საქართველოზე ვფიქრობ და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება.

















