ძალადობისა და ბულინგის დასამარცხებლად, მოზარდებთან უწყვეტი დიალოგია აუცილებელი- ჩხენკელი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მინისტრად დანიშვნისთანავე ბულინგთან და ძალადობასთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, უფრო გაძლიერდება სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისი.
“განათლების მინისტრად დანიშვნისთანავე, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოვაცხადე სკოლებში ბულინგთან და ყველანაირ ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა. დავიწყეთ ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ ფარტომასშტაბიანი კამპანია, დარგის სპეციალისტების და კვალიფიციური ფსიქოლოგების მონაწილეობით. ჩვენი ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ სკოლებში. სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. სკოლების ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება. ჩვენი მიზანია არამხოლოდ ძალადობის გამოვლენაზე რეაგირება, არამედ პირველ რიგში მისი პრევენცია. იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ძალადობა და ბულინგი, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ცოდნა. დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მათ მიეწოდებათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები. ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში, სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ. მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია უწყვეტი დიალოგი მოზარდებთან. უკვე დავიწყეთ მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი, მოვუსმინოთ მოსწავლეებს. გვჯერა, რომ მათი მონაწილეობა არსებითია პრობლემების უფრო ცხადად დასანახად და ძალადობისა და ბულინგის დასამარცხებლად“, – განაცხადა ჩხენკელმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი : რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა წარმოადგენს
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ საქართველოსთვის გადმოცემაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო