ძალადობის საქმეზე გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობის საქმეზე გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, გიგი უგულავას ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა იწყება. ადვოკატის შეფასებით, ბრალდება აბსურდულია და ამას საქმეში წარმოდგენილი მასალებიც მოწმობს.

„იმ რვა საქმეს შორის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩემ წინააღმდეგ აღძრა, ეს საქმე, ანუ ძიუდოისტის აეროპორტში ცემა, არის ყველაზე აბსურდული და ყველაზე ცინიკური. პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ ადამიანი, რომელიც მიფრინავს, ადგილი, სადაც ყველგან კამერაა და ყველაზე დაცული ზონაა, ჩხუბს არ ატეხავს, იმასაც მიხვდება, რომ საჩხუბრად მოსული ადამიანი არსად გაფრენას არ აპირებდა. სხვათა შორის, არსად გაფრენილა. მეორე სასაცილო გარემოებაა ის, რომ მოსამართლემ თქვა, ეს მსუბუქი საქმე არის და კამერებს არ ამოვიღებო. ოქმში წერია, აღწერილია ყველაფერი. ადამიანი, რომელიც იღებს ამ ყველაფერს ტელეფონით და გადაღება დაწყებული აქვს ჩხუბის დაწყებამდე ერთი წუთით ადრე, ის ადამიანი მერე გაქრა. აეროპორტის კამერები არის ოქმში, თუმცა ვიდეო არ ჩადეს, ჩანს, რომ შედის სუს-ის ოთახში და მერე ეს ყველაფერი გაქრა. მოწმე, რომელიც ჩვენს მაგიდასთან იჯდა, მესამე პიროვნება, მერე საერთოდ არ დაჰკითხეს. შემდეგ, 16 ნოემბერს ბადრი გავაშელიშვილი მომიტინგეებთან არის როგორც ზონდერი და იწყებს ჩხუბს, ამიტომ თეთრი ძაფით არის ეს ნაკერი. ივანიშვილის ხელწერაა. ეს ადამიანები, რომლებიც მას მიაყენებენ ჩემი გადმოსახედიდან აბსოლუტურად ლეგიტიმურ შეურაცხყოფას. ის, რაც მათ 20 ივნისის ღამეს გააკეთეს, ერთადერთი, რაც შეიძლება, რომ ადამიანს ეთქვა, შეეგინებინა. ივანიშვილი და გახარია იმ დღეს მხოლოდ ფურთხის ღირსი იყვნენ და გინებას იმსახურებდნენ. ამაზე პასუხი არის ის, რაც ჩვენს ჩანაწერებში მოვისმინეთ. ეს ადამიანები ასე უსწორდებიან. ამიტომ, ეს არის ამის გაგრძელება, გავაშელიშვილი ამის გაგრძელება და მერე როგორც გავიგე, დიღმის ჭალებში კარიერიდან ხრეშის მოპოვების უფლებაც მიუციათ და იქიდან იკვებება ბადრი გავაშელიშვილი. ახლა რით დასრულდება ეს აბსურდი, არ ვიცი, რადგან ასეთ აბსურდში რვა წელიწადია, ვმონაწილეობ და ვერთობი ამ სასამართლოთი, რომელიც შემდეგ აღარ ერთობა და მიჭერს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

სასამართლოსთან უგულავას მხარდასაჭერად იმყოფებიან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები.

საქმე ეხება 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიბაქრაძე – ​შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული სამი მთავარი საკითხი პირდაპირ შედის ევროპის საბჭოს ასამბლეის კომპეტენციაში
შემდეგი სტატიაბაქრაძე – აუცილებელია ოპოზიციის შეთანხმება თვითმმართველობის არჩევნებზე