ძალადობის ორგანიზატორთა დასჯა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა – მედიაომბუდსმენი 5 ივლისზე

მედიაომბუდსმენი 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 2 წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები.

“ორი წლის წინ, 2021 წლის 5 და 6 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მასობრივი თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ოპერატორი 5 ივლისის თავდასხმების დროს სიძულვილის ჯგუფებმა სასტიკად სცემეს – მიიღო ტვინის შერყევა, ჩამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

გამოძიებას 5 და 6 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები ორი წლის თავზე კვლავ არ გამოუვლენია და შესაბამისად, არ დაუსჯია. პასუხისმგებლობაში მიცემული არ არიან უშუალოდ ძალადობაში მონაწილეთა ნაწილიც. დაუსჯელობამ კიდევ უფრო გააუარესა მედიაგარემო საქართველოში

ხელისუფლება ვალდებულია გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების დროს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები. Სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან ერთად, მედიაომბუდსმენის განცხადებით, ხელისუფლება პასუხისმგებელია მიიღოს სათანადო ზომები 2023 წლის 08 ივლისს დაანონსებული ძალადობის და დანაშაულების შესაჩერებლად.

banner
წინა სტატიაშიდღემდე არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც დღესაც პირდაპირ ეთერში ჩადიან დანაშაულს – ქარტია 5 ივლისზე
შემდეგი სტატიახვიჩია – საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს მხრიდანაც შეცდომა იყო, რადგან თავის დროზე სააკაშვილი საჩუქრად არ გადაუგზავნეს