ძალადობის მსხვერპლი ძალადობაში დაადანაშაულეს-არის თუ არა ეს #MeToo-ს დასასრული

სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, ჰოლივუდის მსახიობ აზია არჯენტოს თვითონ დასდეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში. მსახიობი პირველი იყო, ვინც ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. აღმოჩნდა, რომ არჯენტომ თვითონ გააუპატიურა არასრულწლოვანი მსახიობი. ერთ კვირაზე მეტი ხანია მედია და ამერიკული კინოინდუსტრია იმაზე დაობს, იქნება თუ არა მსახიობის შემთხვევა მოძრაობა #MeToo-სთვის დარტყმა.

მსახიობი და როკ-მუსიკოსი ჯიმი ბენეტი იტალიელ მსახიობსა და რეჟისორს აზია არჯენტოს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს. აღნიშნულ თემაზე პირველი სტატია The New York Times-მა დაბეჭდა. 22 წლის მსახიობმა გაზეთს მოუთხრო, რომ 2013 წელს, როცა ის 17 წლის იყო, არჯენტომ კალიფორნიაში, სასტუმროს ნომერში გააუპატიურა. მაშინ თვითონ მსახიობი 37 წლის იყო. შტატის კანონით თანხმობის ასაკი 18 წელია. ბენეტი და არჯენტო 2003 წლიდან იცნობენ ერთმანეთს – ისინი ფილმში დედა-შვილის როლს თამაშობდნენ. მედია ხშირად წერდა მათ თითქმის ნათესაურ კავშირზე.

NYT-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც არჯენტომ ვაინშტაინი ამხილა, ბენეტმა გადაწყვიტა არჯენტოს წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა. შედეგად, მსახიობის წარმომადგენლებთან სასამართლომდელ შათანხმებას მიაღწია. ბენეტის მოთხოვნით, მან იტალიელი მსახიობისგან 380 ათასი დოლარი უნდა მიიღოს.

ბენეტი, როგორც თვითონ ამბობს, არჯენტოს მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, ემოციურად იტანჯებოდა, რამაც მას კარიერა დაუნგრია და შემოსავლები შეუმცირა.
ამის შემდეგ არჯენტომ ბენეტი სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ და ბენეტი დაადანაშაულა იმაში, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით არჯენტოს ცილს სწამებს. თუმცა, ამ განცხადებისთანავე, ტაბლოიდებმა გამოაქვეყნეს ფოტოები, სადაც ბენეტი და არჯენტო ერთად წვანან. მოგვიანებით კი მედიას ხელში ჩაუვარდა მიმოწერა, სადაც არეჯნტო ამბობს, რომ ბენეტთან სექსი ჰქონდა.

არჯენტო – ცნობილი მოძრაობა #MeToo-ს ერთ-ერთი სახეა. ის ჰარვი ვაინშტაინის შესახებ The New Yorker-ის მასალის მთავარი გმირი იყო. მსახიობი იმაზე ყვებოდა, რომ 1997 წელს ვაინშტაინმა აიძულა მასთან სექსი ჰქონოდა. სტატიის გამოჩენიდან სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მთელს მსოფლიოში დაიწყო. ვაინშტაინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ნიუ-უიორკში, ლოს-ანჯელესში, ლონდონში. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის კარიერა სრულიად დაინგრა.
ჰარვი ვაინშტაინის შემდეგ სექსუალრ ძალადობაში ბრალი დასდეს სხვა ვარსკვლავებსაც, მათ შორის ჯეიმს ტობაკს, ჯასტინ ჰოფმანს, მორგან ფრიმანს, სტივენ სიგალს, ქევინ სპეისის. ამ უკანასკნელმა, სკანდალის გამო სრულიად დაკარგა სამსახიობო როლები.

NYT-სა და სხვა მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში უკვე რამდენიმე დღეა იმაზე დაობენ, ამოწურა თუ არა შესაძლებლობები კამპანია #MeToo-მ, სადაც დაზარალებული ყოველთვის ქალი იყო, მოძალადე კი მამაკაცი. “თვალთმაქცობის დონე, რომლის დემონსტრირებაც მსახიობმა (არჯენტომ – რედ.) მოახდინა, უბრალოდ, გამაოგნებელია” – ჰარვი ვაინშტაინის ადვოკატმა თქვა.

CBS News-ის თანამშრომელმა ჯონი კანტორმა, რომელიც ვაინშტაინის წინააღმდეგ NYT-ში გამოქვეყნებული გამოძიების ერთ-ერთი ავტორია, თქვა, რომ არჯენტოს შესახებ პუბლიკაციამ #MeToo-ს სირთულეები შეუქმნა. “ის ფაქტი, რომ ქალი, რომელიც მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო, და რომელსაც ძალადობა თვითონ აქვს ჩადენილი, მოძრაობაზე ყველას სხვანაირად აფიქრებინებს” – თვლის ჟურნალისტი.

“შექმნილი სიტუაცია ხალხს აიძულებს #MeToo-სთან დაკავშირებით შეკითხვების გაჩენას” – The New Republic-ი წერს.
“#MeToo-ს ფსონები ძალიან მაღალია. ფემინისტები ნდობას დაკარგავენ, თუკი ამ ისტორიას იგნორირებას გაუკეთებენ, ან შეეცდებიან ახსნან იმ კლიშეთი, რომ დაზარალებულები სხვებს აყენებენ ზიანს” – The New York Times-იდან ბარი ბაისი წერს.

#MeToo-ს ლიდერების თქმით, არჯენტოს საქციელი მოძრაობას ჩრდილს ვერ მიაყენებს. პირიქით, იმას ადასტურებს, რომ სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლა საჭიროა როგორც არასდროს.
#MeToo-ს დამფუძნებელი ტარან ბერკი ძალადობის ყველა მსხვერპლს, მათ შორის “მამაც ახალგაზრდა მამაკაცებს” მოუწოდებს გაერთიანდნენ სექსუალურ ძალადობასთან საბრძოლველად. “სექსუალური ძალადობა ეს ძალაუფლებისა და პრივილეგიის ძალაა. და ამას ვერ შეცვლის ის, რომ დამნაშავე ჩვენი საყვარელი მსახიობია, აქტივისტია ან ნებისმიერი სქესის პროფესორია. ხალხი ამას გამოიყენებს იმისათვის, რომ მოძრაობის დისკრიმინაცია მოახდინოს. არ მისცეთ ამის საშუალება” – ბერკმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაწერა.

“არჯენტო ერთდროულად, შესაძლებელია, იყოს ძალადობის მსხვერპლი და ვაინშტაინისგან დაზარალებული, და ასევე, ადამიანი, რომელიც თვითონ ჩადიოდა სექსუალურ ძალადობას. ეს ორი რამ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება” – The Rolling Stones-მა დაწერა.

“ქალები თვალთმაქცობენ. ქალები იტყუებიან. ისინი მანიპულირებენ და ბულინგში მონაწილეობენ. მათ შეუძლიათ ჩაიდინონ ბოროტება და სისასტიკე. ზუსტად ისე, როგორც მამაკაცებს” – NYT-ის ჟურნალისტმა ბარი ვაისმა დაწერა.

მასალა გამოქვეყნდა “ბიბისი”-ზე

banner
წინა სტატიაშიის ამერიკული მედიის ანონიმური წყარო იყო, ამიტომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა