„ძალა ვნებს არჩევნებს“ – საარჩევნო სუბიექტები მშვიდობიანი არჩევნებისათვის გაერთიანდნენ

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ კამპანია „ძალა ვნებს არჩევნებს“ მიმდინარეობს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის გაერთიანდნენ და ერთი ვიდეორგოლი ჩაწერეს. პოლიტიკოსები − პარტიის ცნობილი სახეები − ამომრჩევლებს მოუწოდებენ, კარგად გააცნობიერონ, თუ რა მნიშვნელოვანია არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარება.

„საინფორმაციო კამპანიის მიზანია, თითოეულმა ამომრჩეველმა, პოლიტიკური პარტიების ყველა მხარდამჭერმა გააცნობიეროს, რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობას, და სხვადასხვა შეხედულებისა და პოლიტიკური სიმპათიების მქონე მოქალაქეები ერთი მიზნით გააერთიანოს − 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ გარემოში, უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარდეს.

წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ ვიდეორგოლში მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს იუსტიციის მინისტრმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 2016 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე შესთავაზა. თეა წულუკიანმა საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ უპრეცედენტო საარჩევნო რგოლში, რომელსაც ერთი სათქმელი ექნება − „ძალა ვნებს არჩევნებს“.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები საქართველოში არასდროს გაერთიანებულან ერთიანი მოწოდებით არჩევნებზე ძალადობის წინააღმდეგ“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

იუსტიციის მინისტრის წინადადებას 11 საარჩევნო სუბიექტი გამოეხმაურა.

საინფორმაციო კამპანიის წარმოების, ისევე როგორც კლიპის დამზადებისა და განთავსების, ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს.

banner
წინა სტატიაშისირიაში ყველა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა შეჩერებულია
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ნიცას ტერაქტში მონაწილეობის გამო 8 ადამიანი დააკავეს