დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80
მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად,
გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
ადგილზე იმყოფებოდნენ და სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.
შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების
მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით,
უწყვეტ რეჟიმში გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ
საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები
და სამაშველო ტექნიკა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ბრიგადები.
მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი 3 დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო
ადგილზე მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების
ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ისინი
ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის
276-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„ ჩვენი პოლიტიკურ ძალა, „ დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“,  კოალიციაში არავისთან არ აპირებს შესვლას, არც „ოცნებასთან“ და არც ოპოზიციასთან