დუშეთში ძაღლის სასტიკად მოკვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით ძაღლს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარს მანამდე სოციალურ ქსელში მოქალაქე ნინო სინჯარაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ვიდეოკამერებში ჩანს, როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ჩეხავდა მოქალაქე ძაღლს, რომელიც მანამდე პატრონმა ქუჩაში მიატოვა. სინჯარაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ადგილობრივი მაღაზიის თანამშრომლებმა სისხლის კვალი დაფარეს, ხოლო მერიის დასუფთავების სამსახურმა ცხოველის ნეშტი მალევე წაიღო. მოქალაქე სამართალდამცველებს საქმეში მონაწილე ყველა პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.


















