დრონებმა ტულის ოლქში კაუჩუკის ქარხანას დაარტყეს და მოსკოვამდე მიაღწიეს

24 დეკემბრის ღამეს რუსეთის ტულის ოლქში აფეთქებების ხმა გაისმა. ქალაქ ეფრემოვიში, სინთეზური პოლიმერების ქარხნის მიმდებარედ, ხანძარი გაჩნდა.

რუსული გამოცემები ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აფეთქებები დაახლოებით 03:20 საათზე დაიწყო და მათი რაოდენობა არანაკლებ 10 იყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ხანძარი ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში.

ამასთან, ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მიალაევმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ტულაში დრონის ნამსხვრევებმა კერძო საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

მან ასევე დაადასტურა, რომ ტულის ოლქში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარს აფიქსირებენ NASA-ს FIRMS-ის თანამგზავრებიც.

„ეფრემოვის სინთეზური კაუჩუკის ქარხანა“ ერთ-ერთ პირველ საწარმოდ ითვლება რუსეთში, რომელიც სინთეზურ კაუჩუკსა და მაღალი მოლეკულური მასის პოლიიზობუტილენს აწარმოებს.

გარდა ამისა, დრონებმა მოსკოვამდეც მიაღწიეს. ქალაქის მერმა სერგეი სობიანინი განაცხადა, რომ დედაქალაქის მიდამოებში ჩამოგდებული უპილოტოების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის გარდა, როსავიაციას წარმომადგენელმა თქვა, რომ ვნუკოვოს აეროპორტი შეზღუდვებზე გადავიდა და რეისებს იღებს და აგზავნის „შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით“.

banner
წინა სტატიაში„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
შემდეგი სტატიაანდრეი ბილეცკი: “რუსეთი ომში სტრატეგიულ ჩიხს უახლოვდება”