რუსეთში, დრონებით განხორციელებული შეტევების შემდეგ, ლენინგრადის ოლქში მდებარე სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალსა და ვისოცკის პორტში ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტევის სამიზნე, სავარაუდოდ, ამავე ოლქში მდებარე პრიმორსკის პორტიც გახდა.
უსაფრთხოების მიზნით, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. არსებული მონაცემებით, 37 ავიარეისი გადაიდო, ხოლო კიდევ 11 რეისი გაუქმდა.
რუსეთის ოფიციალურ უწყებებს თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაუვრცელებიათ.
უკრაინული დრონები ასევე რუსეთის 18 რეგიონში “დაფრინავდნენ”.
ბელგოროდის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტები, თუმცა კონკრეტულად რომელი, არ დაუკონკრეტებიათ. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების შეფერხებები დაფიქსირდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამასთან, რუსული გამოცემა „Осторожно, новости“, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ ბელგოროდის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად შეწყდა. კიდევ ერთი გამოცემა, „Пепел Белгород“, იუწყება, რომ სარაკეტო დარტყმის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა თბოელექტროცენტრალ „Луч“-ზე, რის შედეგადაც ბელგოროდი და მისი აგლომერაციის დიდი ნაწილი თითქმის სრულად დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.
ამავე გამოცემის მტკიცებით, დარტყმები ერთდროულად განხორციელდა ქალაქის ძირითად ელექტრულ ქვესადგურებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე.