ღამით უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-ნა-კუბანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას (ნპზ) შეუტიეს. ქალაქში ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა, ისმოდა აფეთქებების ხმა.
შეგახსენებთ, რომ სლავიანსკ-ნა-კუბანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე უკვე არაერთხელ გამხდარა.
ამ დროისთვის უცნობია, მიადგა თუ არა ქარხანას სერიოზული ზიანი, თუმცა ცნობილია, რომ ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. კერძოდ, ტელეგრამ-არხი Mash იუწყება, რომ დრონების ნამსხვრევებმა ხუთი კერძო სახლი დააზიანა – დაზიანებულია სახურავები და ჩამსხვრეულია ფანჯრები. ამასთან, ქალაქში დაფიქსირდა ელექტროგადამცემი ქსელების დაზიანებაც.
ამავე დროს, დრონები დაფიქსირდა სარატოვსა და ენგელსშიც. შეგახსენებთ, რომ ენგელსში მდებარეობს სტრატეგიული ავიაციის ბაზა, რომელიც წარსულში არაერთხელ გამხდარა უკრაინული დარტყმების სამიზნე. ტელეგრამ-არხი SHOT ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სარატოვისა და ახლომდებარე ენგელსის თავზე არანაკლებ ათი აფეთქების ხმა გაისმა.
დრონებმა ასევე შეუტიეს ეისკს კრასნოდარის მხარეში, სადაც განთავსებულია მსხვილი ავიაბაზა და საფრენი სასწავლებლები.



















