დროების ინფორმაციით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირადად მიიღო გზავნილი, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს. ეს კობახიძესთან შეერთებული შტატების ელჩის დაბარების და ვაშინგტონისადმი ღიად გაჟღერებული მუქარის შემდეგ მოხდა.
გარდა ამისა, დროების ცნობით, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს.
***
20 სექტემბერს, ამერიკის ხმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შტატებს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამერიკის ხმის წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ. როგორც წყარო ამბობს, აქვთ ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა “გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”.
17 სექტემბერს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. შეხვედრაზე კობახიძე აშშ-ის ელჩს “ურთიერთობის თვისებრივი გადახედვით” დაემუქრა. კერძოდ, მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ “აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა” და “კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით” დაიმუქრა.