„დროასა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დასავლეთში მიემგზავრებიან სანქციების გასამყარებლად და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად – ხოშტარია

„დროასა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დასავლეთში მიემგზავრებიან სანქციების გასამყარებლად და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად, რომ ერთი ოლიგარქი არ უნდა უშლიდეს ხელს ერთიან ნებას, გავხდეთ ევროპის ნაწილი,“ – ამის შესახებ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებაშია აღნიშნული.

ხოშტარიას თქმით, პრემიერი ღარიბაშვილი ღიად ამბობს, რომ კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ამასთან, ელენე ხოშტარია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.

„11 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილისგან, რეალურად კი ბიძინა ივანიშვილისგან, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები, ჩვენ ვნახეთ, რომ ნელ-ნელა პროცესი რომელიც მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება, რომ კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს – ევროპულ პერსპექტივას.

ეს მოულოდნელი არ არის და ჩვენ არც წუწუნს ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. ჯერი დღეს რეალურად ჩვენზეა, ყველა იმ პროდასავლურ მოქალაქეზე, ოპოზიციონერზე, აქტივისტზე, სამოქალაქო სექტორზე რომლისთვისაც ეს არის გადამწყვეტი მომენტი. ამიტომ მე მინდა, გაგაცნოთ რა არის გეგმა და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ.

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა ვიმუშაოთ შემდეგ საკითხებზე.

სანქცირების პროცესის ბოლომდე მიყვანა – აქ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილის სანქცირების საკითხი, რომელიც უკვე ოფიციალურად დადგა დღის წესრიგში, ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. სანქცირებულები უნდა იყვნენ ის ე.წ. ბიზნესმენები, რეალურად ოლიგარქები, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების საყრდენები. ისინი მე უკვე ჩამოვთვალე და მასალას მივაწვდით ჩვენს პარტნიორებს. ესენი არიან: დავით ხიდაშელი, ირაკლი რუხაძე, უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი.

შემდეგი საყრდენი არის სასამართლო სისტემა და აქ მთავარი პრინციპი არის კლანის დარღვევა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების განადგურება. აქაც ჩვენ გვექნება კონკრეტული სია კონკრეტული ფაქტებით და მივაწვდით ჩვენს პარტნიორებს.

პროკურატურა – ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში ფარცხალაძის და შოთაძის შესრულებით. აქაც ჩვენ გვექნება კონკრეტული სია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების სანქცირების.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – ჩვენ გუშინ ვნახეთ ტელეკომპანია პირველის შემაშფოთებელი სიუჟეტი – რაც სიურპრიზი არ არის – როგორ დააორგანიზა სახელმწიფომ, ღარიბაშვილმა და სუსმა კონკრეტულად ლგბტ+ თემის და მედიის ცემა. ჩვენ ვიცით ეს როგორ დამთავრდა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით. აქ არის კონკრეტული ფაქტები თუ როგორი დანაშაულებრივი სპეცოპერაცია ჩაუტარა სუსმა საკუთარ საზოგადოებას. ამიტომ სუსი როგორც ბიძინა ივანიშვილის ძალადობის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ასევე უნდა იყოს სანქცირებული. ამ სიასაც მივაწვდით და გავაცნობთ როგორც საზოგადოებას, ისე ჩვენს პარტნიორებს.

პოლიტიკური პოლიცია – დიდ პატივს ვცემ კეთილსინდისიერ პოლიციელებს. ისინი უნდა გათავისუფლდნენ იმ პოლიტიკური მარწუხებისგან, რომელიც შექმნილია ამ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში.

შემდეგი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის არის მათთვის ჩვენი ხალხის ნების უფრო მტკიცედ და ხმამაღლა გაცნობა. „დროას“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიემგზავრებიან დასავლეთში ბრიუსელსა და ვაშინგტონში, სწორედ ამ საკითხების გასამყარებლად – სანქციების და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად, რომ ერთი ოლიგარქი არ უნდა უშლიდეს ხელს გავხდეთ ევროპის ნაწილი.

კიდევ ერთი ამოცანა არის ჩვენი, შიდა მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტი. 20 ივნისს სამოქალაქო საზოგადოებამ დააანონსა ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ეს არის ანტისაოკუპაციო, არაძალადობრივი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. წელს, 20 ივნისს, ყველამ ერთად, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა უნდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ჩვენი მომავალი.

ჩვენ, „დროა“, როგორც მოქალაქეები და არა როგორც პარტია. ყველანაირი სიმბოლიკისა და კუთვნილების გარეშე, ვუერთდებით ამ სამოქალაქო ინიციატივას და მოვუწოდებთ ყველა მხარდამჭერს, რომ 20-ში ვიყოთ ყველანი ერთად.

დღეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც უნდა ვიფიქროთ არა იმაზე როგორი ცუდია ოლიგარქი, ღარიბაშვილი, ხუნდაძე თუ სხვები, ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით და მათ ისტორია თუ ცივილიზებული სამყარო აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ რას ვაკეთებთ ჩვენ და ეს ამოცანა და გეგმა არის ძალიან მკაფო“, – აცხადებს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარმა მარტვილში თხილის მოსავალი დააზიანა
შემდეგი სტატიარუსეთი საკუთარ ძალთა უპირატესობასა და არტილერიას იყენებს, რათა თანდათან ტერიტორიები დაიპყროს სვეროდონეცკსა და მის შემოგარენში – ბრიტანეთის დაზვერვა