“დროა”: სახელმწიფო უგულებელყოფს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” ნინწომინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის არ შეშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც სახალხო დამცველის რწმუნებულები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში უკვე მეორედ არ შეუშვეს.

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები უკვე მეორედ არ შეუშვეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო უგულებელყოფს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს, მათ უფლებებს და პირდაპირ უარს ამბობს გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება. კომიტეტმა სახელმწიფოს დაავალა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მდგომარეობის დაუყოვნებლივი შემოწმების უზრუნველყოფა.

ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მაღალი სასულიერო იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებენ ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაწესებულებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრიარქო არ აღიარებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ხელს აფარებს საპატრიარქოს. საბოლოო ჯამში, ასეთ მახინჯ პრაქტიკას ეწირება 60-მდე ბავშვის უსაფრთხოება, რადგან ცნობილია, რომ პანსიონი ვერ აკმაყოფილებს მსგავსი დაწესებულების ლიცენზიისთვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.

პოლიტიკური მოძრაობა დროა კატეგორიულად მოითხოვს სახელმწიფოსგან, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და შეასრულოს, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე გაეროს მიერ დაკისრებული ვალდებულებები”.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ.

banner
წინა სტატიაშითურნავა: ტურიზმი 30%-ით აღდგება, შესაძლოა, 50%–მდეც გაიზარდოს
შემდეგი სტატიაცერცვაძე: Sinovac-ის ავტორიზაცია დროის ამბავია, სავარაუდოდ 2-3 კვირის ინტერვალით მოხდება