“დროა” ირაკლი კობახიძისგან მოითხოვს, წარადგინოს მტკიცებულებები, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებს ელენე ხოშტარიას მოწამვლის მცდელობის შესახებ განცხადებას

კობახიძის განცხადება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პირდაპირი მუქარა მოშიმშილე ოპოზიციური ლიდერის მიმართ, რომელიც ემსახურება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას და ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში დაპირისპირების გამოწვევას,- ამის შესახებ “დროას” ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუ ქუთელიამ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქუთელიას განცხადებით, “ქართული ოცნება” რუსული მეთოდებით მოქმედებს. მისი თქმით, “დროა” ირაკლი კობახიძისგან მოითხოვს წარადგინოს მტკიცებულებები, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებს მსგავს განცხადებებს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, ელენე ხოშტარიას თითქოსდა მოწამვლის მცდელობის შესახებ არის სრული აბსურდი და სამარცხვინო სიცრუე. თუმცა, მისი ეს ნაბიჯი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პირდაპირი მუქარა მოშიმშილე ოპოზიციური ლიდერის მიმართ, რომელიც ემსახურება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას და ოპოზიციის კოალიციურ ერთობაში დაპირისპირების გამოწვევას. პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ ასეთ სცენარებსა და ბრძოლის მეთოდებს პუტინი და მასთან დაკავშირებული ავტორიტარული მმართველები იყენებენ. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ვერ შეძლებს, ხელი ააღებინოს პოლიტიკურ ოპოზიციას მშვიდობიან, ერთიან და პრინციპულ ბრძოლაზე, რომელიც აუცილებლად დასრულდება სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის დაბრუნებით. მსგავსი უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებისა თუ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, განცხადებას უნდა აკეთებდნენ შესაბამისი სტრუქტურები. თუმცა, ვინაიდან, კობახიძე ტყუის, ამგვარი მტკიცებულებების წარმოდგენას ვერც ის და ვერც საგამოძიებო უწყებები ვერ შეძლებენ.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე პასუხისმგებელია პირადად კობახიძე და “ქართული ოცნება”. “დროას” ლიდერის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკები აღმოიფხვრება იმავე წუთიდან, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაიყვანენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გარანტირებულად იქნება დაცული,”- განაცხადა ქუთელიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხეში ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მივიდა
შემდეგი სტატიაDRI – მესამე პრეზიდენტის მიმართ განვითარებული მოვლენები დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს