უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს ეხმაურება და ევროპას მოუწოდებს, გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს რუსეთს ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
“კიევსა და სხვა რეგიონებში სამაშველო სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. რუსებმა დაახლოებით 36 რაკეტა და 600 დრონი გაუშვეს. თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რუსეთი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს.
უნდა ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვისთვის საკმარისი რაოდენობის რაკეტები გვქონდეს და რუსეთზე ზეწოლა შენარჩუნდეს. ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯები ყველა ჩვენს პარტნიორთან აუცილებლად უნდა განვიხილოთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.


















