დროა ბელარუსთან შეთანხმებაზე: რეჟიმის ლეგიტიმაციაა, საფრთხეს უქმნის აქ მყოფ ბელარუსებს

პარტია დროა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება. პარტიაში მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საგანგაშოს უწოდებენ. დროა მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება ლუკაშენკოს რეჟიმის ლეგიტიმაციას ნიშნავს და საფრთხეს უქმნის იმ ბელარუსთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ.

“საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს თანამშრომლობის ხელშეკრულებას ლუკაშენკოს KGB-სთან. ეს არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელარუსთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ.

უკვე სავსებით ნათელია, სად დგას საქართველოს მთავრობა. მათი ძალაუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მომავლისთვის”. – ნათქვამია დროას განცხადებაში.

ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და ქართულ სუს-ს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ინიციატორების ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ამისათვის მხარეები თანხმდებიან, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია, ოპერატიულად ითანამშრომლონ სხვადასხვა დანაშაულებთან საბრძოლველად, მათ შორის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიპარტიამ „ანა დოლიძე- ხალხისთვის“ მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს; ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი