DRI: უკანონო თვალთვალი/მოსმენა ავტორიტარიზმის გამყარების ერთ-ერთი საშუალებაა

ტელეკომპანია პირველის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ, მონასტრებში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებდა უკანონო მოსმენა/თვალთვალს. ამავე ინფორმაციით, სავარაუდოდ, სისტემური ზეწოლა და მუქარა ხორციელდება კონკრეტულ სასულიერო პირზე, რაც დაკავშირებულია ერთ-ერთი ეპისკოპოსის სავარაუდო მკვლელობის გეგმასთან.

გავრცელებული ჩანაწერები შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსროგორც უკანონო მოსმენების, ისე შესაძლო მუქარის, ზეწოლისა და სასულიერო პირის ლიკვიდაციის დაგეგმვის კუთხით. აღნიშნული მასალა უნდა გახდეს შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების დაუყოვნებელი ინტერესისა და რეაგირების საგანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო მოსმენების სავარაუდო პრაქტიკა სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2021 წლის 12 სექტემბერს TV პირველის ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, ტოტალურ კონტროლს ახორციელებდა საჯარო მოხელეებზე – ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებულ პირებზე, სკოლისა და ბაღის პედაგოგებზე, პარტიის წევრებზე, საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომელსა და ყველა რანგის სასულიერო პირებზე. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ ფორმალურად დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ დრომდე, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის/შედეგის შესახებ.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თვალსაჩინოა, რომ უწყება არა ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ,,ქართული ოცნება“, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის რესურსით ცდილობს ავტორიტარიზმის განმტკიცებას. სავარაუდო, ტოტალური მოსმენა/თვალთვალი კი აღნიშნულის ერთ-ერთი საშუალებაა, რაც ადამიანის იწვევს ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას.

სამსახურის საქმიანობაზე ეფექტიანი კონტროლი წარსულშიც უკიდურესად სუსტი იყო. დღესდღეობით კი, პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, მასზე დემოკრატიული ზედამხედველობა შეუძლებელია. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სავარაუდოდ უკანონოდ განხორციელებული ფარული მოსმენა/თვალთვალი განსაკუთრებით საფრთხის შემცველია მაშინ, როდესაც არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოს მიკერძოება კიდევ  უფრო თვალსაჩინო ბოლო პერიოდში, მასშტაბური პროტესტისა და რეპრესიების ფონზე გახდა,-ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციაში.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ზაპოროჟიეში დრონების გამოყენებით რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურა
შემდეგი სტატია„ჯორჯიან ეარვეისი“ – 16 და 17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია, მგზავრებს ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ