აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია. რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონების შეძენასთან დაკავშირებული აკრძალვები არაერთხელ გამხდარა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გაღიზიანების საბაბი.
წლების განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ცდილობდნენ და წარმატებით ახერხებდნენ საკითხის განხილვის გადავადებას. თუმცა, რუსული მხარის მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის ცხელ დღეებში აფხაზეთის პარლამენტი „აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ახალი კანონის მიღებაზე და ამოქმედებაზე მსჯელობს. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი დე ფაქტო პრეზიდენტია. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასლან ბჟანია დე ფაქტო პარლამენტისგან კანონპროექტის მიღებას ივლისის თვეშივე მოითხოვს.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ ეკრძალებათ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (ან მათი ოჯახის წევრი) აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მოქმედებებში მონაწილეობდა. მართალია, ქონების საკუთრებაში ქონა ვერ გახდება აფხაზეთში ბინადრობის უფლების ან მოქალაქეობის მიღების საფუძველი, თუმცა, აფხაზური საზოგადოების ძირითადი ნაწილი კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. მათი აზრით, ახალი კანონმდებლობის მიზანი აფხაზეთის სტრატეგიული ქონების რუსების საკუთრებაში გადაცემა იქნება.
მაშინ, როდესაც აფხაზური ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგ იმ მოტივით ილაშქრებს, თითქოსდა ის ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენას, აშკარაა, რომ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი რუსი „ინვესტორების“ მიმართ. აფხაზების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება აფხაზეთის საკუთრებას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგავს. რუსული ინვესტიციების ჩადება გალის რეგიონშიც მოიაზრება ძველი სასტუმროების ადგილზე.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის ანექსიის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელება კონფლიქტის რეგულირებამდე დაუშვებელია.