DRI: რაჭის პროტესტის ორ მონაწილესთან დაკავშირებით მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილება აუარესებს გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს

2023 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე მერი გულუაშვილმა ერთი აქტივისტის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა, ორი კი 2000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. მანამდე, 29 ნოემბერს, მოსამართლე დავით წერეთელმა იდენტური სამართლებრივი საფუძვლით დაკავებული რაჭის პროტესტის ექვსი მონაწილის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა და ორი პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
რაჭის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა პირს შსს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები ყველა დაკავებულის სასამართლო პროცესს დააკვირდნენ. მათი შეფასებით, შსს-ს სასამართლო პროცესზე არც ერთი დაკავებული პირის წინააღმდეგ არ წარმოუდგენია განსხვავებული ხარისხის და შინაარსის მტკიცებულება. სტანდარტულად, თერთმეტივე პირის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტაცია ემყარებოდა პოლიციელების ჩვენებებს და ვიდეო ჩანაწერებს. მეტიც, ვიდეომტკიცებულებებში ზუსტად არ ჩანდა კონკრეტულად იმ ორი აქტივისტის დაკავების მომენტი, რომლებიც მოსამართლე გულუაშვილმა სამართალდარღვევებად ცნო და 2,000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. სასამართლო პროცესიდან ნათელი გახდა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციელების ახსნა-განმარტებას დააყრდნო.

მაშინ, როდესაც საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლო განხილვების პრაქტიკა ფორმალურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილებები ხშირად ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე მიიღება, მოსამართლე დავით წერეთლის მიერ 28 ნოემბერს გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებების დაცვის კუთხით, პოზიტიური პრეცედენტი შექმნა.

იმ ვითარებაში, როდესაც 15 დეკემბერს დაჯარიმებული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის შესახებ არ არსებობდა ზუსტი ან/და განსხვავებული მტკიცებულებები, ბუნდოვანია, რატომ მიიღო მოსამართლე მერი გულუაშვილმა წინა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი უარყოფითად აფასებს 15 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას; იმედოვნებს, რომ ის გასაჩივრების შემდეგ შეიცვლება და დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალება მიეცემა ორ აქტივისტსაც, რომლებსაც მყიფე და არადამაჯერებელი მტკიცებულებების მიუხედავად, პროტესტის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებული და მკაცრი სახდელი შეეფარდათ,-ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაპოლონეთში სუნამოების ქურდობის ბრალდებით, 21 წლის ქართველი დააკავეს