DRI დმანისში ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერი კანდიდატების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებს ეხმაურება

2021 წლის 9 დეკემბერს, დმანისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შესული მაჟორიტარი დეპუტატის რამიზ რამაზანოვის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაციის ადგილზე გადასამოწმებლად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) წარმომადგენლები დმანისში არაერთ ადამიანს შეხვდნენ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის გუნდთან დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისაუბრეს მმართველი პარტიის წევრების, პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. ოპოზიციონერ დეპუტატებს ემუქრებოდნენ მათი და მათი ახლო ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით და რიგ შემთხვევებში – ფიზიკური ანგარიშსწორებით.
განსაკუთრებით საგანგაშოა ოპოზიციონერი დეპუტატის რამიზ რამაზანოვის მიმართ წარმოებული კოორდინირებული დაშინების კამპანია. ადგილობრივების გადმოცემით, რამიზ რამაზანოვს, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა, იძულებით დაატოვებინეს სამსახური და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრნენ. დაშინებაში ერთობლივად მონაწილეობდნენ დმანისის მერი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია და ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები.
სავარაუდო ზეწოლის შედეგად, რამიზ რამაზანოვი 3 დღის განმავლობაში სახლში არ მისულა. ოჯახის წევრების და მეგობრებისათვის მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. თუმცა, დღეს, 10 დეკემბერს, დეპუტატი დმანისის საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდა და საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის წარმომადგენელს. მიუხედავად იმისა, რომ 9 დეკემბრამდე ის წარმდგენი პარტიის პოზიციას იზიარებდა საკრებულოს სხდომის ბოიკოტირების თაობაზე.
DRI განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს დაშინებისა და პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაში დმანისის მერის კობა მურადაშვილის სავარაუდო როლს. 2020-2021 წლებში კობა მურადაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის, ხოლო შემდეგ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი წარსულში სამართალდამცავ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა და სხვადასხვა დროიდან (ძირითადად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს) კონკრეტულ პირთა ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებდა. კობა მურადაშვილის მონაწილეობა ადგილობრივი ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ განხორციელებულ დევნისა და პოლიტიკური ნიშნით შევიწროების ეპიზოდებში ქმნის საფუძვლიან ეჭვს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიურ ჩარევასთან დაკავშირებით.
DRI აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ ტენდენციად იქცა საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში მასწავლებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების გადმოცემით, დაშინებაში ძირითადად მონაწილეობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მითითებული მეთოდების გამოყენება მოსახლეობაში ზრდის რადიკალიზაციას, ნერგავს უიმედობას და სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ნდობას მინიმუმამდე ამცირებს.
DRI მოუწოდებს შესაბამის დაწესებულებებს შეისწავლონ დმანისსა და სხვა რეგიონებში ოპოზიციონერ დეპუტატთა მიმართ სავარაუდო პოლიტიკური დევნის ფაქტები და უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”,-აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებული არიან – მიხეილ სააკაშვილთან თინა ბოკუჩავა მივიდა