დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი მოკლულია

აფხაზეთის ომის მონაწილე 52 წლის გიორგი ლუკავას ოჯახი, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ხელისუფლებისგან ვითარების გარკვევას ითხოვს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი გადმოცემა თბილისისთვის ვერ მოხერხდა.

ლუკავას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმარი დაიკარგა. მათი ვარაუდით ის მოკლულია. როგორც გიორგი ლუკავას მეუღლემ ლალი ლუკავამ განაცხადა, დაკავებული მათ გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ ციხიდან მის გადაყვანას აპირებდნენ. ლალი ლუკავას განცხადებით, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ყოფილა.
„დაგვირეკა და გვითხრა, რომ გავყავარ, მაგრამ არ ვიცი რა მიმართულებით, მეშინია და წითელი ჯვარი ჩართეთო. ამის შემდეგ ვცდილობ და ვერ ვრეკავ, არ ვიცით სად არის წაყვანილი. გვეშინია, რომ არ მოკლან. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის უშიშროების მინისტრის მოადგილეს ჰყავს ის ციხიდან გამოყვანილი“, – განუცხადა ლალი ლუკავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
ლალი ლუკავას ინფორმაციით, მისი მეუღლე დაპატიმრებულია მეომრის სტატუსით და მას უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაში„თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შემდეგი სტატიაქართულ ოცნებას უნდა, რომ პრეზიდენტად სრულიად მორჩილი ადამიანი განსაზღვრონ – აკაკი მინაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე