დონბასში სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – ვლადიმერ პუტინი

პუტინი ზელენსკი

„უკრაინის არათანმიმდევრულობა ფუნდამენტურ საკითხებში ქმნის სირთულეებს შეთანხმებების მიღწევაში“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ამურის ოლქში, ვოსტოჩნის კოსმოდრომზე მოლაპარაკების შემდეგ.
„უკრაინის არათანმიმდევრულობა ფუნდამენტურ საკითხებში ქმნის სირთულეებს ყველასთვის მისაღები შეთანხმებების მიღწევაში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკება ბელორუსის პრეზიდენტის წყალობით გახდა შესაძლებელი.

„ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა მადლობა გადავუხადო ბელორუს კოლეგებს მათ ტერიტორიაზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის კარგი ორგანიზებისთვის. უკრაინულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყება დიდწილად ბელორუსის პრეზიდენტის პირადი ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსული სპეცოპერაცია დონბასში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა სამხედროებს იმ გმირობისა და გამბედაობისთვის, რომლითაც ისინი იცავენ რუსეთის ინტერესებს.

„ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის, მოქმედებები უკრაინის გარკვეულ რეგიონებში მხოლოდ ძალების შებოჭვას, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და დონბასის ტერიტორიაზე უფრო აქტიური ოპერაციებისთვის პირობების შექმნას უკავშირდებოდა“, – აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი.

ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია გაზარდოს საომარი მოქმედებების ინტენსივობა, მაგრამ ეს გარკვეულწილად დაკავშირებული იქნება ორივე მხარის დიდ დანაკარგებთან.

„ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ ყველა დასახულ მიზანს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს დანაკარგები. ჩვენ ვიმოქმედებთ მშვიდად, იმ გეგმის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად გენერალურმა შტაბმა შემოგვთავაზა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ბელორუსთან დასაპირისპირებლად უბიძგებს – ალექსანდრე ლუკაშენკო
შემდეგი სტატიარომ წარმომედგინა, უკრაინაში მალე ამ მასშტაბის ომი იქნებოდა, არსად წავიდოდი – მიხეილ სააკაშვილი