25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

დონალდ ტუსკი: პოლონეთში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის დაკვეთით, აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ინფორმაციით, პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის დაკვეთით, აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა.

ტუსკის თქმით, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა პოლიციასთან ერთად რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დაკვეთით მამაკაცის მოკვლას გეგმავდა, რომელსაც აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქეობა გააჩნია.

„უფლება არ მაქვს სახელები გავამხილო, მაგრამ ეს პირველი მსგავსი სიტუაციაა, როდესაც ვიღაცამ რუსეთის დაკვეთით გადაწყვიტა ამერიკის მოქალაქის მკვლელობა ნატოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი პოლონეთში, ვარშავაში“, – განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქე 7 აგვისტოს დააკავეს. ტუსკს პიროვნების სახელი არ გაუმხელია, ვის მოკვლასაც რუსეთი ცდილობდა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს ადამიანი „უსიამოვნო იყო პუტინის რეჟიმის თვალსაზრისით“.

„სამწუხაროდ, იქიდან უნდა ამოვდიოდეთ, რომ პუტინის რეჟიმი ეცდება ხალხის ლიკვიდაციას, ვინც უსიამოვნო არიან მათთვის სხვადასხვა მიზეზებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში“, – განაცხადა ტუსკმა და აღნიშნა, რომ პოლონური სპეცსამსახურები მზად არიან მსგავსი სცენარებისთვის მომავალში.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში პროტესტის შემზღუდავ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სარჩელებზე განსხვავებული აზრი წარმოადგინა
შემდეგი სტატიაუკრაინამ სევასტოპოლში რუსულ რადიოლოკაციურ სადგურს დაარტყა, რომელიც თვითმფრინავებსა და რაკეტებს აფიქსირებს