დონალდ ტუსკი – მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ პირველი ვიზიტისთვის ბრიუსელი აირჩია

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებას მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და წარმატებული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა​, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბედნიერი ვარ, რომ ვმასპინძლობ პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს აქ ბრიუსელში და ვულოცავ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. მადლობა არჩევანისთვის – ეს პრემიერის რანგში მისი პირველი ვიზიტია, ძალიან სიმბოლურია და ვაფასებ“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა რამდენიმე დღის წინ ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანის დაღუპვის გამო.

„პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა ტყიბულში მაღაროში დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, ევროკავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან.

„ჩვენს შეხვედრაზე დღეს მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავადასტურეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ამბიციური ასოცირების ხელშეკრულების ბაზაზე და მხედველობაში მივიღოთ საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგიული ხასიათი“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერ მხარდამჭერად რჩება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ასე უნდა გაგრძელდეს. საუბრის დროს ყურადღება გავამახვილე რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. საქართველო გამოწვევებით სავსე სამეზობლოში მდებარეობს, სადაც დიდ როლს თამაშობს როგორც დამაკავშირებელი. ევროკავშირი აფასებს ამ მიმართულებით საქართველოს მცდელობას და სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, 10 წელი გადის საქართველო-რუსეთის ომიდან.

„ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებას მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და წარმატებული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, რომ გააძლიეროს ქვეყნის შესაძლებლობები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის.

„ამ კონტექსტში ჩვენ მივესალმებით ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს მისცემს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი – არავის არ უნდა გაუჩნდეს თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ეფექტური გამოძიება თავიდანვე არ განხორციელდა