აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა, ვაშინგტონში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპს კრემლის პოზიცია გადასცა: რუსეთი ოთხი უკრაინული რეგიონის გაკონტროლებას ითხოვს.
Reuters ამერიკულ სახელისუფლო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვიტკოფმა ტრამპს მოახსენა, თითქოს ამ პირობის შესრულება დააჩქარებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ადრე მან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს იგივე პოზიცია გამოხატა.
ამასთან, გამოცემის ცნობით, გენერალი კიტ კელოგი, რომელიც უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელია, ვიტკოფს არ დაეთანხმა და ტრამპს მოახსენა, რომ უკრაინა მზადაა ამ რეგიონებთან დაკავშირებით გარკვეულ პირობებზე წამოსასვლელად, მაგრამ არასდროს დათანხმდება ცალმხრივ რეჟიმში რუსეთისთვის მათ დათმობაზე.
საერთო ჯამში, ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით დაძაბულობა და ოპონირება იზრდება, ხოლო იმაზე, რომ ვიტკოფს ამ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად პრორუსული პოზიცია აქვს, უკვე უმრავლესობა თანხმდება.