ილინოისის შტატის მოსამართლემ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ჩართული იყო 2021 წელს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში და აუკრძალა მას შტატის პრაიმერიზში (პირველად კენჭისყრაში) მონაწილეობა.
ეს გადაწყვეტილება შეჩერდება აპელაციის მოლოდინში. ორმა სხვა შტატმა – კოლორადომ და მეინმა – ამოიღეს ტრამპი პრაიმერიზიდან მე-14 შესწორების “აჯანყების” მუხლის დარღვევის გამო.
საბოლოო შედეგს, სავარაუდოდ, აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს.
ტრამპი – რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი – დარჩება კენჭისყრაზე სულ მცირე პარასკევამდე, სანამ მას აქვს დრო, გაასაჩივროს გადაწყვეტილება. განცხადებაში ტრამპის კამპანიის სპიკერმა, თქვა, რომ “ეს არის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება”, რომელსაც სწრაფად გაასაჩივრებენ – “ამავდროულად, პრეზიდენტი ტრამპი რჩება ილინოისის კენჭისყრაზე, დომინირებს არჩევნებში და ამერიკას კვლავ დიდებულს გახდის!”
უზენაესმა სასამართლომ ამ თვის დასაწყისში მოისმინა არგუმენტები კოლორადოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ტრამპის მონაწილეობას პრაიმერიზში დაუშვებლად მიიჩნევდა. მოსამართლეები სკეპტიკურები ჩანდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ შტატებს, აქვთ უფლებამოსილება საპრეზიდენტო კანდიდატები “დაბლოკონ” ე.წ. ამბოხების მუხლის მიხედვით. თუმცა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.